ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას ‘გადაჭარბებულ’ ზომად აფასებს
Civil Georgia, Tbilisi / 11 Aug.'15 / 15:56

ეუთოს წარმომადგენელმა  მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა განაცხადა რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დააყადაღოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება „არაპროპორციული და გადაჭარბებული“ ზომაა, რომელმაც შესაძლოა მედიის თავისუფლებას და პლურალიზმს საფრთხე შეუქმნას.

„სასამართლოს გადაწყვეტილებამ [ქონების] დაყადაღების თაობაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს რუსთავი 2-ის შესაძლებლობაზე თავისუფლად განახორციელოს საქმიანობა,“ განაცხადა მიატოვიჩმა 11 აგვისტოს.

„ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული და გადაჭარბებული და შესაძლოა საქართველოში მედია პლურალიზმისთვის საფრთხის შემცველი იყოს,“ განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა.

„მე მოვუწოდებ ხელისუფლებას მაქსიმალურად უზრუნველყონ მედია პლურალიზმი ქვეყანაში,“ დასძინა მან.

ეუთოს ცნობით, მიატოვიჩს წარსულში „რუსთავი 2“-ის საკითხი არა ერთხელ დაუყენებია საქართველოს ხელისუფლების წინაშე.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის თანამფლობელი იყო 2004–2006 წლებში, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მან სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღება მოითხოვა. მოსამართლემ დააკმაყოფილა მოთხოვნის დიდი ნაწილი და ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების წილებსა და კომპანიის ქონებას დაადო ყადაღა; ამასთან, როგორც მეწილეებს, ასევე „რუსთავი 2“-ის დირექტორატს შეეზღუდა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე.

Civil.Ge © 2001-2024