არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ის ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან
Civil Georgia, Tbilisi / 11 Aug.'15 / 16:15

სასამართლოს განჩინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ქონების დაყადაღების თაობაზე áƒáƒ  შეესაბამება დასაბუთების სტანდარტს, რომელიც „გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე“, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორშაბათს. 

ასევე 10 აგვისტოს გავრცელებულ ცალკე განცხადებაში შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „გარკვეულ ხარვეზებს“ შეიცავს. მათ ასევე განაცხადეს, რომ მართალია დავა კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, ის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით „კითხვებს აჩენს“. 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის თანამფლობელი იყო 2004–2006 წლებში, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე  „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძე ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკრძალავს ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ გაყიდონ საკუთარი აქციები, ასევე გაყიდონ ან გააქირავონ ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა, მანქანები და სხვა ქონება. ამავე გადაწყვეტილებით áƒ¢áƒ”ლეკომპანიის გენერალური დირექტორს და ფინანსურ áƒ“ირექტორს კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება áƒ¨áƒ”ეზღუდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.

„რუსთავი 2“ ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. „რუსთავი 2“–მა, ასევე ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა, დაგმეს ხალვაშის ქმედება, როგორც მთავრობის მიერ მართული ქმედება, რათა კონტროლი დაამყაროს ტელეკომპანიაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებული დავა „განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ზოგადად მედია კომპანიას, არამედ იმიტომაც, რომ აღნიშნული მედია კომპანია წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მაღალრეინტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას“.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე დავას ორ კერძო სუბიექტს შორის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი, გააჩნია არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც“, – განაცხადა საია–მ.   

ორგანიზაციის თქმით, როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე პრაქტიკით, ნათელია, რომ დასაბუთებული ვარაუდის ის სტანდარტი, რომელსაც მოსამართლე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას იყენებს, არის ზოგადად დაბალი და დავის მონაწილე სუბიექტების თავისებურებები განსხვავებულ სტანდარტს არ განაპირობებს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული გადაწვეტილება არ არის პროპორციული რადგან „რუსთავი 2“-ის მიმართ  ისეთი ღონისძიებების გამოყენებამ, მათ შორის დირექტორატისთვის კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შეზღუდვამ, „შესაძლოა დააზარალოს კომპანია და შეაფერხოს მისი საქმიანობა“.

„ეს თავის მხრივ ასახვას პოვებს მედია საშუალების ფუნქციონირებაზეც; ასეთ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დაზარალდება არამხოლოდ კერძო სუბიექტების, არამედ საჯარო ინტერესიც, რომელიც პლურალისტური მედია გარემოსა და კრიტიკული აზრის თავისუფლად გავრცელებაში მდგომარეობს“, – განაცხადა საია–მ და დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეს არა მხოლოდ კანონის შესაბამისი დებულებებით უნდა ეხელმძღვანელა, არამედ ის ზიანიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომელიც შესაძლოა ტელეკომპანიას მიადგეს.

საია ასევე აღნიშნავს, რომ ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება დროში შეზღუდული არ არის და ძალაში იქნება áƒ¥áƒáƒœáƒ”ბრივ áƒ“ავაზე საბოლოო გადაწყვეტილების  მიღებამდე, რაც შესაძლოა თვები და წლებიც კი გაგრძელდეს.

საია–მ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და ასევე დაეცვა მოპასუხეთა ინტერესებიც. „მას უნდა ემსჯელა „რუსთავი 2“-თვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც.  თუმცა განჩინებაში აღნიშნულ საკითზე არაფერია ნათქვამი“, – აცხადებს საია.

ცალკე განცხადებაში შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა შორის არიან საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი, ასევე მიუთითებენ დავის პოლიტიკურ კონტექსტზე და აღნიშნავენ, რომ ეს „მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვისა და კონტროლის მაღალ რისკებს შეიცავს“.

„ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეარხის საქმიანობის შეფერხება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში პლურალურ და თავისუფალ მედიაგარემოს.  ეს გარემოება შესაძლოა განსაკუთრებულ პრობლემად იქცეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – ნათქვამია განცხადებაში.

2004 წლიდან მოყოლებული ტელეკომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ეს ცვლილებები, დიდწილად, პოლიტიკურ მოვლენებთან იყო კავშირში.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ აიძულა ის, რომ 2006 წელს „რუსთავი 2“–ის აქციები დაეთმო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის აქციების საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მისი სამი დამფუძნებლისგან – დავით დვალისგან, ჯარჯი აქიმიძისგან და აწ უკვე გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილისგან მიიღო, რომელთაც ასევე განაცხადეს წლების შემდეგ, რომ ისინიც იძულებული გახდნენ, რომ 2004 წელს საკუთარი აქციები დაეთმოთ.

8 აგვისტოს „რუსთავი 2“–ის თანადამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა, დვალმა და აქიმიძემ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მხარი დაუჭირეს სამართლებრივ პროცესს და განაცხადეს, რომ მას „ალტერნატივა არ გააჩნია“.

„იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს "რუსთავი2"-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით“, – წერენ დვალი და აქიმიძე ერთობლივ განცხადებაში და დასძენენ, რომ „ამორალობად მიგვაჩნია მცდელობა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან  მედიასაშუალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მიჩქმალულ იქნას და გასაღდეს როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა“.

„მივმართავთ ყველას – საზოგადოებას, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს - გავუსწოროთ თვალი რეალობას - დღეს "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024