ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა
Civil Georgia, Tbilisi / 21 Aug.'15 / 14:08

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 26-27 აგვისტოს საქართველოს  ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური მდივნის რანგში საქართველოში თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგი 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის „ინაუგურაციას“ დაესწრება კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.

წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი თანამშრომლობის იმ „არსებითი პაკეტის“ ნაწილია, რომელიც ნატომ საქართველოს უელსის სამიტზე შარშან სექტემბერში შესთავაზა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურასთან ერთად, ვაზიანის სამხედრო ბაზის სასწავლო ცენტრიც იქნება გამოყენებული ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრისთვის. უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ სამხედროებს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრის ბაზაზე წვრთნიან.

ვიზიტის ფარგლებში ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც მოინახულებს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.    

სტოლტენბერგი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

„ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და  ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის  მზადების პროცესი“, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დაახლოებით 885 ჯარისკაცით საქართველო, აშშ-ის შემდეგ, სიდიდით მეორე კონტიგენტით არის წარმოდგენილი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024