ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც კრწანისის იმ ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე განთავსდა, სადაც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიან, ჯერ სრულყოფილად ფუნქციონირებადი არ არის. ცენტრი, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის იმ „არსებითი პაკეტის“ ნაწილია, რომელიც ალიანსმა საქართველოს შარშან უელსის სამიტზე შესთავაზა, უზრუნველყოფს საქართველოს, ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მომზადებას. „ბევრი სამუშაო რჩება მანამ, სანამ ეს ცენტრი სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ახალი ცენტრის „ინაუგურაციის“ ცერემონიაზე კრწანისში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. „რა თქმა უნდა, ცენტრი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მისი შენობა და ოფისები“, - განაგრძო მან, „ის მოიცავს საწვრთნელ ადგილებს და პოლიგონებს მთელი საქართველოს მასშტაბით“. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურასთან ერთად, ვაზიანის სამხედრო ბაზის სასწავლო ცენტრიც იქნება გამოყენებული ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრისთვის. საწყისი ეტაპისთვის, ცენტრის საქმიანობას ამჟამად 6 ოფიცერი უძღვება ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან - დანია, ლატვია, ლიტვა და ნორვეგია, ასევე 8 ქართველი სამხედრო ოფიცერი. ნატო-ს ცნობით, ცენტრში ქართველი სამხედროების მომზადება 2016 წლიდან დაიწყება, ხოლო პირველი ჯგუფი, რომელიც ცენტრისგან სერთიფიცირებას მიიღებს, მომზადების კურსს მომავალი წლის შუა პერიოდში დაასრულებს. 2016 წლის განმავლობაში ცენტრი ასევე შეუწყობს ხელს საქართველოს, ნატო-სა და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას. „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაციით ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან ასევე დასძინა, რომ ამ ცენტრის საშუალებით „ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენ უფრო შესამჩნევი ვიქნებით საქართველოში“.
თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა 27 აგვისტოს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ ეს ცენტრი არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ამ ცენტრის განთავსების გეგმების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს ნატოს დახმარებით გახსნილი ამგვარი ცენტრების ფუნქციონირების გამოცდილება. მას მხედველობაში ჰქონდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გახსნის ცერემონიაზე თავის გამოსვლაში განაცხადა: „საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია - ვიღვწით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის... ნატოს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები... ნატოს მოაქვს მშვიდობა“.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025