ევროპაში აშშ–ის არმიის სარდალი: ვაშინგტონი საქართველოსთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას გაზრდის
Civil Georgia, Tbilisi / 8 Sep.'15 / 15:17

ამერიკის შეერთებული შტატები ეძებს შესაძლებლობებს, რათა გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, განაცხადა ევროპაში აშშ–ის არმიის სარდალმა, გენერალ–ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა.   

მან ეს განცხადება 7 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ საუბრისას გააკეთა; ორდღიანი კონფერენცია  საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

„საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, საერთო სირთულეებს, ერთად სამსახურს ერაყში, ავღანეთში; ამიტომ, არასწორი იქნება, თუ ამას მხოლოდ პარტნიორობას ვუწოდებთ; ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პარტნიორობა – ეს არის ნდობა, რომელიც ბრძოლაში ერთად ყოფნას მოსდევს“, – განაცხადა გენერალ–ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა.   

აშშ–საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლებების „ღირსეული პარტნიორის“ შესახებ საუბრისას, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისში გაიმართა, მან განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების ამგვარ სწავლებებში მონაწილეობის „რაოდენობა“ და „სიხშირე“ იზრდება.

მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი სწავლებების მიზანია აჩვენოს აშშ–ის „ერთგულება“ საქართველოს მიმართ და მეორე მხრივ, შემოწმდეს „რამდენად სწრაფად“ შეუძლიათ ამერიკელ სამხედროებს áƒ’ანთავსდენ ევროპის სხვადასხვა ნაწილში.

მაისში გამართულ სამხედრო სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ დაახლოებით 200 ამერიკელმა სამხედრომ, მათ შორის 173–ე სადესანტო ბრიგადის მედესანტეების მსროლელთა ასეულმა და მე–3 ქვეითთა დანაყოფის პირველი ბრიგადის მექანიზებულ ქვეითთა ასეულმა მიიღო მონაწილეობა. 14 ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და სწავლებისთვის საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკა ბულგარეთის პორტ ვარნადან სატვირთო ბორნის საშუალებით საქართველოში ჩამოვიდა წვრთნებში მონაწილეობისთვის.

„უკვე მოუთმენლად ველი მომავალი წლის მაისში დაგეგმილ წვრთნებს - „ღირსეულ პარტნიორს“. ჩვენ გავზრდით ჩვენს მონაწილეობას; ჩვენ ვეძებთ საშუალებას, რომ მეტი ჯარისკაცი ჩავრთოთ ამ წვრთნებში საქართველოსთან ერთად და ამასთან ამერიკელმა ჯარისკაცებმა [წვრთნების დროს] ქართული სარდლობის ქვეშ იმოქმედონ - რა თქმა უნდა, ეს ნდობის დემონსტრირებაა“, – განაცხადა  ევროპაში აშშ–ის არმიის სარდალმა.

თბილისში გენერალ–ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ–მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა აშშ–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებასთან და ერთობლივ წვრთნებში აშშ–ის მონაწილეობის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

Civil.Ge © 2001-2024