ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოზე ‘შეუსაბამო ზეწოლის’ შესახებ საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 22 Sep.'15 / 14:45

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დასაცავად მას შემდეგ, რაც მათზე ზეწოლა განხორციელდა მათი საცხოვრებელი სახლების წინ საპროტესტო აქციების გამართვის გზით.

ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელი სახლების წინ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართეს და დაგმეს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თბილისის ყოფილი მერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა 14–თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მომიტინგეები პაპუაშვილს ნაციონალური მოძრაობის „მეგობარს“ უწოდებდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს „ანტი–სახელმწიფოებრივი“ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდნენ. ბათუმში პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს პომიდვრები და კვერცხებიც ესროლეს.

18 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც 20-23 სექტემბერს სტრასბურგს სტუმრობს, áƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდა რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე, რომლის დროსაც, მისი თქმით, „ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ ადგილებში, აკეთებენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ და მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეების, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას“. ერთ–ერთი ბოლო აქცია მისი სახლის წინ 21 სექტემბერს გაიმართა.

საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლის საცხოვრებელი სახლის წინ საპროტესტო აქციის გამართვა ადმინისტრაციული დანაშაულია.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მოსამართლის წინააღმდეგ მუქარა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამ საკითხის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „მე მინდა, რომ ყველას, მათ შორის, მოსამართლეებს ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ და მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას“.

საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობითი განცხადებით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია, რომ უსუფაშვილის კომენტარი „შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება“.

უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას „აბსოლუტურად უსაფუძვლო და აბსურდული“ უწოდა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „მე შევიტყვე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე და მათ ოჯახებზე ზეწოლა ხორციელდება, კერძოდ, მათი საცხოვრებელი სახლების წინ მანიფესტაციებისა და პიკეტირების მოწყობით“.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფაა. მისი გადაწყვეტილებები საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულოა და მათი აღსრულება ხდება იმ სახელმწიფოში, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ შეუძლია გამოხატოს კრიტიკული შეხედულებები ამ გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ამგვარი კრიტიკა პატივისცემით და სამართლებრივად უნდა გამოითქვას. მოსამართლეების და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების პატივისცემაა საჭირო“, – განაცხადა მან.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში, გადადგამს საჭირო ნაბიჯებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ოჯახების დასაცავად ნებისმიერი დევნისგან“, - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

Civil.Ge © 2001-2024