![]() |
|||
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მსახურობდა, პატრულირების დროს დაიღუპა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხშაბათს. კიდევ ერთი ქართველი სამხედრო იმავე ბატალიონიდან დაიჭრა. ამ ფაქტმა ავღანეთში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი 31-მდე გაზარდა. სანამ ოთხშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდნენ, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „გუშინ საღამოს ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, დაიღუპა – ახალგაზრდა კაცი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი, პატრულირების დროს მოხდა შეტაკება... ასევე ერთი დაიჭრა, რომელიც გუშინ გადაყვანილ იქნა ჰოსპიტალში და მისი მდგომარეობა არის სტაბილური... გერმანიაში გადავიყვანთ [სამკურნალოდ]“. საქართველო, დაახლოებით, 885 სამედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში. ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი. ქართველი სამხედროების მოვალეობები უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025