პრეზიდენტის თქმით, ქართულ მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ‘სერიოზულ კითხვებს აღძრავს’
Civil Georgia, Tbilisi / 3 Oct.'15 / 17:28

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის გამართულ მუშაობას პრობლემები შეექმნა“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა, რომლის საკუთრების თაობაზეც  სასამართლო დავა მიმდინარეობს,  1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას უბლოკავს ტელეკომპანიას, რომელსაც ეს თანხა მისი საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება. ტელეკომპანია აცხადებს, რომ მისი ერთ–ერთი ყოფილი მესაკუთრის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რასაც ჯერ ტელეკომპანიის ქონების, ხოლო შემდეგ მისი ძირითადი აქციონერი კომპანიის ქონების დაყადაღება მოყვა, მთავრობის მიერ არის მართული და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.   

„ბოლო დღეებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გამართულ მუშაობას შეექმნა პრობლემები. ეს ხდება მედიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომლის თაობაზეც დასმულ სერიოზულ კითხვებს ჯერაც არ გასცემია დამაჯერებელი პასუხები“, – განაცხადა მარგველაშვილმა 2 ოქტომბერს. მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა მისი წინა განცხადება, რომელშიც აგვისტოს ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების გადაწყვეტილებას ქართულ მედიაში არსებული „შემაშფოთებელი ტენდენცია“ უწოდა.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ეს საკითხები, გასცეს ნათელი პასუხები დასმულ კითხვებს და ახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უზენაესი ღირებულება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Civil.Ge © 2001-2024