აშშ „რუსთავი 2“–ის შესახებ: მედიის თავისუფლების შემზღუდავი ქმედებები ‘შემაშფოთებელია’
Civil Georgia, Tbilisi / 7 Oct.'15 / 12:48

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად áƒáƒ¦áƒ˜áƒ¥áƒ•áƒáƒ›áƒ¡ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ მოვლენებს და ის მოქმედებები, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვის შთაბეჭდილებას ტოვებს, „შემაშფოთებელია“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა, რომლის საკუთრების თაობაზეც  სასამართლო დავა მიმდინარეობს,  1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას უბლოკავს ტელეკომპანიას, რომელსაც ეს თანხა მისი საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება. ტელეკომპანია აცხადებს, რომ მისი ერთ–ერთი ყოფილი მესაკუთრის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რასაც ჯერ ტელეკომპანიის ქონების, ხოლო შემდეგ მისი ძირითადი აქციონერი კომპანიის ქონების დაყადაღება მოყვა, მთავრობის მიერ არის მართული და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.  

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტის საპასუხოდ, რომელმაც თავის შეკითხვაში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ღიად უტევს“ ტელეკომპანიას, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ მარკ ტონერმა განაცხადა 6 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე: „ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც თქვენ ახსენეთ. ჩვენი მოწოდებაა, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც ეხება მედიას, ყველგან და რა თქმა უნდა, საქართველოში, წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი სტანდარტების დაცვითა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით“.

„ზოგადად, უკანასკნელი რამდენიმე წელია, შეერთებული შტატების მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება საქართველოს თავისუფალ და მრავალფეროვან მედია გარემოს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც სანიმუშო [მედიაგარემო] მთელ რეგიონში“, – განაცხადა მან.

„ამგვარად, მოქმედებები, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ზღუდავს ამ გარემოს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ან მედიამრავალფეროვნებას, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით კი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. ამიტომ ჩვენ მოვლენებს სერიოზულად აღვიქვამთ და ვაკვირდებით“.

თხოვნაზე დაეკონკრეტებინა მიჩნეულია თუ არ ეს საკითხი „შემაშფოთებლად“, ტონერმა უპასუხა: „დიახ“.

Civil.Ge © 2001-2024