ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა „გაზპრომთან“ ურთიერთობებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 9 Oct.'15 / 16:50

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა „სტრატეგიული პარტნიორი“ - აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელია, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან" ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის თაობაზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს 25 სექტემბერს ბრიუსელში შეხვდა. ამ შეხვედრას საქართველოში კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, რომელთაც გამოთქვეს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გაფართოებით საქართველოს მიერ გაზის სფეროში რუსეთზე შემცირებულ ენერგოდამოკიდებულებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.

„გაზპრომი“ უკვე არის საქართველოში. ჩვენ ვიღებთ ბუნებრივ აირს რუსეთიდან ანუ კომპანია „გაზპრომიდან“ უკვე წლებია, ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა და მე ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ საკუთარი ბუნებრივი აირი არ გვაქვს“, - განუცხადა კალაძემ 9 ოქტომბერს ჟურნალისტებს მარნეულში ახალი ელექტროქვესადგურის მშენებლობის 20 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.

„ძირითადი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია; თუმცა ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული   წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოცულობების შემოტანაზე რუსეთიდან; ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე ირანთან მიმართებაში“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე საუბრისას, კალაძემ განაცხადა, რომ ბრიუსელის შეხვედრაზე „ჩვენ დავსვით საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომლებიც დღეს ამ [ჩრდილოეთ-სამხრეთ] მილსადენში გადის სომხეთის მიმართულებით იყოს გაზრდილი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მილსადენი რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება დამატებითი მოცულობები მივიღოთ და ასევე, თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი ასევე წამოიღონ რუსეთიდან“.

საქართველო „გაზპრომისგან“ გაზს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად იღებს. კერძოდ, მას ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% ეკუთვნის. თუმცა ეს საქართველოს მოხმარების მცირე ნაწილია და ძირითადად, ქვეყანა აზერბაიჯანული გაზით მარაგდება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ გაზის მოწოდება დივერსიფიცირებულია, რადგან ტრანზიტულ რესურსებთან ერთად, „ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი“.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხში „უნდა გამოვიდეთ პრაგმატული ინტერესებიდან“ და ერთმანეთისგან „გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა“.

„თუკი „გაზპრომიდან“ იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რომელიც ჩვენ წაგვადგება და ჩვენს ეკონომიკას წაადგება და ეს არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან [აზერბაიჯანთან], ამაში მისასალმებლის გარდა არაფერი არ არის“, - განაცხადა ელოშვილმა 9 ოქტომბერს.

 

Civil.Ge © 2001-2024