მარგველაშვილი ‘სამოქალაქო დაპირისპირების’ საშიშროების ფონზე ყველას მოუწოდებს თავი შეიკავოს ‘მძაფრი ნაბიჯებისგან’
Civil Georgia, Tbilisi / 22 Oct.'15 / 12:44

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური კლიმატის ესკალაციის ფონზე, რამაც „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები“ შექმნა, ყველას თავშეკავებისკენ და ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა.

„ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების“, - განაცხადა მან თავის საგანგებო სატელევიზიო მიმართვაში. 

„სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში“, - განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

„მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“, - განაცხადა მან სავარაუდოდ მოსამართლე ურთმელიძის მისამართით, რომელიც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავის განხილვას აწარმოებს იმ ფონზე, როცა ტელეკომპანიის მხარდამჭერები აქციას მართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და "რუსთავი 2"-ის áƒ¨áƒ”ნობებთან.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან  იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი  - კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 22 ოქტომბერს. 

 

Civil.Ge © 2001-2024