ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში „რუსთავი 2“-ის გარშემო დავით შეშფოთებულია
Civil Georgia, Tbilisi / 23 Oct.'15 / 14:07

ეუთოს წარმომადგენელმა áƒ›áƒ”დიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების საკითხზე მიმდინარე დავით და იმ შედეგებით, რაც მას საქართველოში მედია მრავალფეროვნებაზე აქვს.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი საჯარო განცხადებას აკეთებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც აგვისტოში ტელეკომპანიის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს გზით დაიწყო წილების დაბრუნებისთვის ბრძოლა. სასამართლომ დროებითი უზრუნველყოფის ზომის სახით აგვისტოში „რუსთავი 2“-ის ქონება დააყადაღა, რასაც ორი თვის შემდეგ ასევე მოყვა ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის ქონების დაყადაღებაც. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ სასამართლოს ამ ბოლო გადაწყვეტილებით მას 6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაებლოკა, რაც მის გამართულ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

„თუ [ყადაღა] მალე ამ მოიხსნება, სასამართლოს გადაწყვეტილება  ქვეყანაში მედიის მრავალფეროვნების და პლურალიზმის სერიოზულ შეზღუდვას გამოიწვევს“, - განაცხადა მიატოვიჩმა 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, „მსურს ასევე აღვნიშნო მთავრობის რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადება ამ საკითხზე, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლო წარმოებაზე“.

მისი თქმით, სიტუაცია „განსაკუთრებულ შეშფოთებას“ იწვევს იმის გათვალისწინებითაც, რომ მომავალ წელს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც პლურალისტური მედია გარემო ძალიან მნიშვნელოვანია.

მიატოვიჩმა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან რამდენჯერმე წამოწია, კვლავაც გაიმეორა მოწოდება, რომ ხელისუფლებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ქვეყანაში მედია პლურალიზმის არსებობისთვის.

Civil.Ge © 2001-2024