ევროკავშირის დელეგაციის განცხადება ‘არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან’ დაკავშირებით
Civil Georgia, Tbilisi / 26 Oct.'15 / 20:05

ევროკავშირის დელეგაციამ და თბილისში აკრედიტირებულმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და მართალია ისინი თავს იკავებენ "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესის არსებით მხარეზე კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მათ წუხილს იწვევს და რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ.

„ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, თუმცა სიტუაციის შესწავლაც უფრო ინტენსიური გახდა", -  áƒœáƒáƒ—ქვამია 26 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის დელეგაციამ ვროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გააკეთა.

საქართველოში „არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებით“ გავრცელებული განცხადება მიუთითებს, რომ „ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია დღემდე მიღწეული რეფორმების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა".

„პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო საქართველოს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია", - áƒœáƒáƒ—ქვამია განცხადებაში.

„ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული სასამართლო საქმის კომენტირებისგან, თუმცა გვაწუხებს საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ; მოველით, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯუფლების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით".

„ევროკავშირი იზიარებს და მხარს უჭერს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზანს, გააგრძელოს რეფორმები და უზრუნველყოს თავისუფალი და წესრიგზე დაფუძნებული არჩევნები. გვჯერა, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი მთავრობის მიერ უმაღლეს პრიორიტეტად იქნება აღიარებული. ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის წვდომა მედიასაშუალებებზე, დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.“

„მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024