EBRD–ის მხარდაჭერით შექმნილმა ინვესტორთა საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
Civil Georgia, Tbilisi / 29 Oct.'15 / 18:51

ინვესტორთა საბჭომ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით  მთავრობასა და ბიზნესს შორის მაღალი დონის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, 29 ოქტომბერს პირველი სხდომა გამართა.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეობს, მონაწილეებს განუცხადა, რომ მთავრობა არის „ღია მოვისმინოთ თქვენგან მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები“.

EBRD–მ განაცხადა 29 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში, რომ მთავრობისა და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა „ბიზნეს გარემოზე გავლენის მქონე ძირითადი გამოწვევები და კერძო სექტორის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის გზები განიხილეს“.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ქვეყნის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით“.

„თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელშეწყობა ევროპის კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით შემდგომი რეგულაციების დანერგვის საქმეში“, – განაცხადა მან.

შეხვედრას არ ესწრებოდა  საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ქართული წარმომადგენლობა. მისმა თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკოსია, განაცხადა, რომ ორგანიზაციამ იმის გამო არ მიიღო სხდომაში მონაწილეობა, რომ, როგორც მან აღნიშნა, ინვესტორთა საბჭომ უარი თქვა დღის წესრიგში შეეტანა საკითხი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესის დაშინებას ეხება. ფადი ასლიმ ასევე განაცხადა, რომ ICC საქართველოს ზოგიერთი წევრი კომპანია  საგადასახადო გამოძიებების გაჭიანურებულ პროცესში იმყოფება, რის გამოც მათი ქონება დაყადაღებულია და ეს მათ ბიზნეს საქმიანობას აფერხებს. მან ასევე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები „განგსტერებივით იქცევიან“.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა განაცხადა, რომ ICC საქართველოს მიერ დაყენებული საკითხი საბჭოს მომდევნო სხდომაზე იქნება განხილული, რომელიც დეკემბერში იგეგმება.

ინვესტორთა საბჭოს შექმნა მაისში გადაწყდა, როდესაც საქართველოს EBRD–ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი სტუმრობდა.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024