ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტთან შეშფოთება გამოთქვა სააკაშვილის განცხადებების გამო
Civil Georgia, Tbilisi / 2 Nov.'15 / 13:52

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის გაგზავნილ წერილში, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოთქვა ოდესის გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ ორშაბათს.

„საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 ოქტომბერს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი დაიბარა, რათა პრეტენზიები გამოეთქვა სააკაშვილის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაზეც ის გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში საუბრობს.

ინტერნეტით გავრცელებულ ორ სატელეფონო ჩანაწერში, სადაც სააკაშვილი „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ესაუბრება, ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე მიუთითებს ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება, უცებ“.

გვარამიამ და ბოკერიამ დაადასტურეს ჩანაწერების აუთენტურობა. 1 ნოემბერს Facebook-ზე გამოქვეყნებულ თავის ინგლისურენოვან განცხადებაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს სატელეფონო საუბრები „რუსეთის დაზვერვამ ჩაიგდო ხელში და მათი ფალსიფიცირება მოახდინა“. თავის პირველ განცხადებაში, რომელიც იმავე დღეს გაკეთდა, როდესაც ჩანაწერებმა გაჟონა, სააკაშვილმა არ უარყო მათი აუთენტურობა, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება სააკაშვილის Facebook–ის გვერდიდან გაქრა.

1 ნოემბრის განცხადებაში სააკაშვილი პასუხობს რამდენიმე „სრულიად ზედაპირულ კომენტარს ჩემს და ჩემს ქართველ მეგობრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრების შესახებ“.

აშშ–ის საელჩომ თბილისში  საქართველოს ექს–პრეზიდენტის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია“.    

„ვფიქრობ, ძალიან ამორალურია, რომ ამ ტიპის ‘საუბრები’ სანდო წყაროდ იქნას მიჩნეული და უფრო მეტიც, მათ შინაარსზე კომენტარი გაკეთდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიო გავხადო ჩემი პოზიცია რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს უმსხვილესი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი, მე ყოველთვის ვიყავი ძალადობრივი საპროტესტო აქციების მოწინააღმდეგე და არასდროს მოვუწოდებდი ვინმეს ძალადობისკენ“, – წერს სააკაშვილი.

„ამავე დროს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ივანიშვილს „რუსთავი 2“–ის ძალით ხელში ჩაგდების ნება არ მივცეთ, რითიც საქართველოში დემოკრატიას ხანგრძლივი ზიანი მიადგება. ჩვენი ბრძოლა ყოველთვის მშვიდობიანი უნდა იყოს, მაგრამ ორგანიზება უნდა განვახორციელოთ და ერთიანი ფრონტი გავხსნათ, რათა აღვკვეთოთ მედიაზე და არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე პუტინისეული დევნის განხორციელება“, – განაცხადა მან.

„როგორც წესი, მე არ ვაკეთებ კომენტარს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, მაგრამ ვერ ვიქნები და არ ვიქნები პასიური, როდესაც საქმე ეხება მედიის თავისუფლებას და ზოგადად თავისუფლებას. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას არ დარჩეს პასიური და ზეწოლა მოახდინოს რუს ოლიგარქზე და აიძულოს ის, რომ თავი შორს დაიჭიროს თავისუფალი ტელეკომპანიისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024