მარგველაშვილი: „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ‘ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს’
Civil Georgia, Tbilisi / 6 Nov.'15 / 19:38

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა ქვეყნის „საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს“ და მოუწოდა ქართული ოცნების მმართველ კოალიციას, რომ „გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად“.

„რუსთავი 2“-ის საქმის ირგვლივ ორი კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა, თუმცა დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 6 ნოემბერს საღამოს თავის სატელევიზიო მიმართვაში. 

ამ შეფასებებში, მისი თქმით, „ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც“.

„მივმართავ მმართველ კოალიციას თავი შეიკავოს არადიპლომატიური áƒ’ამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად, აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია“, - აღნიშნა მან თავის სატელევიზიო მიმართვაში.

„ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ასევე ჩვენს საგარეო იმიჯზე“, - აღნიშნა მან, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რა სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ იმ ფონზე, როცა ტელეკომპანიის საკუთრებაზე დავის ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაგრძელება იგეგმება.

„უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები მართლმსაჯულებების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

„ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება , საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა, არჩევანის თავისუფლება; ჩვენი ვალია გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Civil.Ge © 2001-2024