სირიაში ნამყოფი პანკისელი სავარაუდოდ ‘უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზიაციაში გაერთიანების’ გამო დააკავეს
Civil Georgia, Tbilisi / 23 Nov.'15 / 13:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 29 წლის პანკისის მკვიდრი მას შემდეგ დააკავა, რაც პირველ მცდელობაზე საქართველოში არ შემოშვების და თურქეთში გაბრუნების შემდეგ, თურქეთმა მისი დეპორტაცია კვლავ განახორციელა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა 22 ნოემბერს, რომ მისმა თანამშრომლებმა დავით ბორჩაშვილი  სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს“.

ადვოკატის თქმით, ბორჩაშვილი აღიარებს სირიაში ჩასვლას, თუმცა უარყოფს რაიმე კავშირებს ან ბრძოლას  ე.წ ისლამური სახელმწიფოს ან რომელიმე სხვა ტერორისტული ორგანიზაციის მხარეს.

ბორჩაშვილი ირწმუნება, რომ áƒ›áƒáƒ¡ კონტაქტები ჰქონდა აშშ–ის მიერ მხარდაჭერილ სირიის თავისუფალ არმიასთან, როგორც ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს.

ბორჩაშვილი ამჟამად თბილისის საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის, რადგან შვიდი თვის წინ სავარაუდოდ ტყვიით მიყენებული ჭრილობის ნაოპერაციები გაურთულდა.

სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი დავით ბორჩაშვილი თბილისში დედასთან ერთად სტამბოლიდან პირველად 21 ნოემბერს ჩამოვიდა. თუმცა, მისი ნათესავების და ადვოკატის თქმით, ბორჩაშვილი საზღვარზე არ შემოუშვეს და სავარაუდოდ, უსაფრთხოების თანამშრომლებმა უთხრეს თბილისის აეროპორტში, რომ ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, მას სისხლის სამართლებრივ ბრალს წაუყენებდნენ. ბორჩაშვილი ისევ სტამბოლში გაბრუნდა, თუმცა იქიდან მისი დეპორტაცია მოხდა თბილისში, რის შედეგად იგი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

სახალხო დამცველის ოფისმა, რომლის წარმომადგენელიც 22 ნოემბერს ბორჩაშვილს შეხვდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ხელისუფლების თავდაპირველი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის თურქეთში გაბრუნების თაობაზე.

“წინა დღეს, 21 ნოემბერს, როდესაც ის უკან გააბრუნეს დეპორტაციის განმახორციელებელ ქვეყანაში, თურქეთში, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შეკითხვა, თუ რა გახდა საფუძველი მისი უკან გაბრუნებისა“,  – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, პაატა ბელთაძემ და დასძინა, რომ სახალხო დამცველის ოფისი ამ კითხვას შესაბამის სტრუქტურებს დაუსვამს.

იმავდროულად, YouTube–ზე ანონიმურმა მომხმარებელმა, რომლის ანგარიშიც 21 ნოემბერს შეიქმნა, ატვირთა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ დავით ბორჩაშვილი ჩანს კიდევ რამდენიმე სხვა მამაკაცთან ერთად, რომლებიც კოლონაში „პიკაპის“ ტიპის მანქანით გადაადგილდებიან დაუდგენელ ქალაქში; ვიდეოში გაკვრით და საკმაოდ ბუნდოვნად კოლონის უკანა მანქანიდან მოჩანს სავარაუდოდ დროშა, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშას გავს.

ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც ვიდეო ჩანს, სავარაუდოდ, ბორჩაშვილია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს და არ ამტკიცებს, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი.

„თუ ეს ასეა, როგორც თვითონ ამბობს და თუ რაღაც საწინააღმდეგო მტკიცებულებები ბრალდებამ ვერ წარმოადგინა, არავითარი საფუძველი არ იქნება იმისა, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების და მასში მონაწილეობის ბრალი წარუდგინონ“, – განაცხადა გელა ნიკოლაშვილმა, რომელიც თავის კლიენტს კვირას საღამოს შეხვდა.

„თვითონ კატეგორიულად უარყოფს ისლამურ სახელმწიფოსთან რაიმე კავშირს, არ უარყოფს, რომ ზოგადად სირიაში არის ნამყოფი, თუმცა ის დაჯგუფება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, მართალია ებრძვის ასადის რეჟიმს, მაგრამ ასევე ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს. ეს ორგანიზაცია არის სირიის თავისუფალი არმია“, – დასძინა მან.     

ნიკოლაიშვილი აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატიცაა, რომელიც 2015 წლის ივნისში დააკავეს და ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის საქართველოში მებროლების გადაბირებაში დასდეს ბრალი.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დავით ბორჩაშვილი  და აიუფ ბორჩაშვილი ნათესავები არ არიან და მათ საერთო აქვთ ის, რომ ორივე áƒ¡áƒáƒ¤áƒ”ლ ჯოყოლოს მკვიდრია.  

დაპატიმრების შემდეგ დავით ბორჩაშვილმა საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.

საავადმყოფოს წარმომადგენელმა, სადაც ამჟამად ბორჩაშვილი მკურნალობას გადის, უთხრა ჟურნალისტებს, რომ დაახლოებით შვიდი თვის წინ  ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო ბორჩაშვილს მენჯ–ბარძაყის არეში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას ეს ჭრილობა გაურთულდა და ამიტომაც მკურნალობას საჭიროებს.  

ათობით საქართველოს მოქალაქე, ძირითადად პანკისის ხეობიდან და აჭარიდან იბრძვის სირიასა და ერაყში ან ალ–ქაიდას მხარეს ან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებაში. ამ მებრძოლებს შორისაა პანკისის მკვიდრი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ–შიშანის სახელითაა ცნობილი.

სულ ცოტა, საქართველოს ცხრა მოქალაქე, პანკისის მკვიდრები, დაიღუპნენ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე ბრძოლის დროს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში ტერორიზმის შესახებ, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას მეტწილად შესწევს უნარი დაუპირისპირდეს ტერორიზმს და ასევე „აქტიურ“ თანამშრომლობას განაგრძობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ კვლავაც არსებობს „წუხილები“ იმის თაობაზე, რომ საქართველო გამოიყენება საერთაშორისო ტერორიზმისთვის როგორც წყაროდ, ისე სატრანზიტო ქვეყნად.

Civil.Ge © 2001-2024