რუსეთი საქართველოსთვის სავიზო წესებს ამარტივებს
Civil Georgia, Tbilisi / 23 Dec.'15 / 13:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სამშაბათს, რომ 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები გამარტივდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ის „არ გამორიცხავს“ მომდევნო ნაბიჯი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება იყოს. 

 „რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენ ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების მიზნით, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებთან გაფორმდება საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები ნებისმიერი ოდენობით, ასევე კერძო ვიზები,  ნათესაური კავშირის მიუხედავად მომწვევსა და მიწვეულს შორის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. 

„რუსეთის მხარე მტკიცედ არის განწყობილი, რომ შემდგომშიც გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობების პირობების შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული და მომავალში არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმის შემოღებას ურთიერთგაგების საფუძველზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

საქართველოში უკვე მოქმედებს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე ხუთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომ მოსკოვი „მზად არის გააუქმოს სავიზო რეჟიმი“ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა და მას „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.   

ასევე 22 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ტელეფონით ესაუბრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რომლის დროსაც მან “საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ზომები განმარტა“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

აბაშიძე, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს მოსკოვთან ორმხრივი პირდაპირი დიალოგის ფორმატში, მიესალმა მოსკოვის განცხადებას და განაცხადა, რომ ეს გულისხმობს  „სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვნად გამარტივებას“ იმასთან შედარებით, რაც ამჟამად მოქმედებს.

მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა კარასინთან თებერვალში იგეგმება და ერთ–ერთი განსახილველი საკითხი იქნება სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების „შემდგომი ნაბიჯი“.

„ვნახავთ, ეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი როგორ იმუშავებს და ამის შემდეგ უკვე შეიძლება დასკვნების გამოტანა“, – განუცხადა აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს სამშაბათს საღამოს.

კითხვას, რუსეთმა ეს ნაბიჯი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ ხომ არ გადადგა, აბაშიძემ არ უპასუხა. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სავიზო საკითხებში რუსეთის გააქტიურება ევროკავშირის საზღვრების მოსალოდნელ გახსნას უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„მოდით ამაზე ექსპერტებმა ისაუბრონ“, – უპასუხა აბაშიძემ. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების და არა გაუქმების, საკითხი რეგულარულად დგებოდა აბაშიძესა და კარასინს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. პუტინის განცხადებამდე კარასინის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, მოსკოვის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება ნაკლებად იყო მოსალოდნელი ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე.

Civil.Ge © 2001-2024