ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 12 Jan.'16 / 16:21

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებს, ასევე რუსეთიდან გაზის დამატებითი მოცულობის შესაძლო იმპორტს ეხება.

მისი თქმით, „გაზპრომი“ დაჟინებით ითხოვს, რომ შეიცვალოს არსებული ხელშეკრულების პირობები, რომლის ფარგლებშიც საქართველო ტრანზიტის საფასურად გატარებული გაზის 10%–ს იღებს.

„გაზპრომს“ სურს, რომ ტრანზიტის საფასური საქართველოს გადაუხადოს არა ბუნებრივი აირის ფორმით, არამედ ფინანსური სახით, განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში 11 იანვარს.

მისი თქმით, რუსეთი უკვე ბოლო ორი წელია ითხოვს ტრანზიტის საფასურის მონეტარიზაციას.

„გვინდა მივიღოთ იგივე ბენეფიტები, რასაც ვიღებდით და მიდის ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები“, – განაცხადა კალაძემ. 

„ამ ეტაპზე შეთანხმება არ არის მიღწეული“, – დასძინა მან.

ენერგეტიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში გაზის გაზრდილი მოხმარების გამო, ქვეყანას შესაძლოა რუსეთიდან დამატებითი გაზის მოცულობის შემოტანა დასჭირდეს, იმის გარდა, რასაც ის უკვე იღებს ტრანზიტის საფასურად. 

თუმცა, კალაძის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა შეამცირებს გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან, რომელიც მისი გაზმომარაგების მთავარი წყაროა – საქართველოს გაზის მთლიანი მოხმარების 87%–ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, საქართველოში გაზის მოხმარება 2015 წელს 19%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 2.59 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ბოლო დღეებში კალაძე, რომელიც სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეხვდა „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალექსეი მილერს, კვლავ გახდა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კალაძე ფარული მოლაპარაკებების გამართვაში  დაადანაშაულა, რაც ოპოზიციური პარტიის თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა 11 იანვარს, რომ პარტია ქუჩის საპროტესტო აქციებს დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაასაჯაროვებს მოლაპარაკებების დეტალებს. ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე რამდენჯერმე სთხოვა ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში მისვლა და მისი დეპუტატების ინფორმირება მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე.

„არის საზოგადოების ძალიან პატარა ნაწილი, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ კომერციულ მოლაპარაკებებს შესძინონ პოლიტიკური ელფერი“, – განაცხადა კალაძემ.

მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანია ქვეყნისთვის საუკეთესო შესაძლო ვარიანტის მიღება და დასძინა, რომ შეუძლებელია, რომ საქართველო დამოკიდებული გახდეს რუსულ გაზმომარაგებაზე, ვინაიდან ქვეყანას გრძელვადიანი შეთანხმებები აქვს თავის მთავარ მომწოდებელთან და „სტრატეგიულ პარტნიორთან“- áƒáƒ–ერბაიჯანთან.

„ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხელშეკრულებები აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ. აზერბაიჯანის არანაირი ინტერესები არ ილახება. იმ მოცულობებს, რასაც ვიღებთ აზერბაიჯანიდან, არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველო მაშინაც კი იღებდა გაზის დამატებით მოცულობას რუსეთიდან, ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზის გარდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში.

„საქართველო ვერ გახდება დამოკიდებული რუსეთზე... საქართველოს მომხმარებლები არიან დივერსიფიცირებული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შესაძლოა მომავალში გაზის ირანიდან მიღების შესაძლებლობაც გაჩნდეს, „თუ ფასი კონკურენტული იქნება“. 

12 იანვარს კალაძე და რამდენიმე დეპუტატი ქართული ოცნებიდან ქართველ ექსპერტებს და პოლიტიკურ მიმომხილველებს შეხვდნენ, რომლებიც პრეტენზიებს გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო სათანადოდ არ აცნობდა საკუთარ პოზიციას საზოგადოებას, რაც სპეკულაციებს ბადებდა  „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე.

 

Civil.Ge © 2001-2024