ევროკომისარმა ევროპარლამენტში საქართველოს ‘შთამბეჭდავ’ რეფორმებზე ისაუბრა
Civil Georgia, Tbilisi / 21 Jan.'16 / 14:13

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 20 იანვარს ევროპარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ საქართველომ „შთამბეჭდავ“ პროგრესს მიაღწია რეფორმებში და „იმაზე შორს წავიდა“, ვიდრე ამას ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანები ითვალისწინებდა.

ამ რეფორმების შედეგი, მისი თქმით, ევროკომისიის მიერ დეკემბერში  გამოქვეყნებული დადებითი ანგარიშია და ახლა კომისია საკანონმდებლო წინადადებას წარუდგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის „რაც შეიძლება სწრაფად“ მისანიჭებლად.

„შთამბეჭდავი მცდელობები განხორციელდა ასოცირების შეთანხმების შესრულებაში და შედეგები უკვე სახეზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძლიერი ზრდის სახით“, - განაცხადა ჰანმა.

„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მთელი რიგი რეფორმების წახალისების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა, თუმცა საქართველო იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ეს სამოქმედო გეგმის ამოცანებით იყო გათვალისწინებული და სასამართლოს, ასევე პროკურატურის რეფორმირების კუთხით შემდგომი ნაბიჯები გადადგა“, - განაცხადა მან.

„ამ კუთხით ჩვენ ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ის, რომ არანაირი უკანონო კონტაქტები არ არსებობდეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მან ამ საკითხებზე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა სტრასბურგში, სადაც დეპუტატებმა დებატები გამართეს ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებების შესრულების თაობაზე. ჰანმა განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელითაც გააკეთა. 

„შეგვიძლია ბედნიერი ვიყოთ, რომ უკვე ამდენს მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებების სამ პარტნიორთან [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა], მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ “, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროპარლამენტში გამართული დებატები ერთი დღით უსწრებდა 21 იანვარს დაგეგმილ კენჭისყრას რეზოლუციის პროექტზე „ასოცირების შეთანხმებები/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან“.

თავდაპირველად ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან სულ ცოტა ხუთი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რეზოლუციის პროექტი იქნა წარდგენილი განსახილველად. თუმცა უკვე 20 იანვარს ერთობლივი პროექტი დაიდო ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის (S&D), ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის (ECR), ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) და მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის ავტორობით.

საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის პროექტი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებში პროგრესს მიესალმება და „საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გამოვლენილ ვალდებულებებს აქებს“.

აღნიშნავს რა მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რეზოლუციის პროექტი წუხილს გამოთქვამს „იმ არასახარბიელო ეფექტის გამო, რასაც „რუსთავი 2“-ის მსგავსი საქმეები ახდენენ მედია პლურალიზმზე“ და მოუწოდებს ხელისუფლებას „უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და მედია მფლობელობის გამჭვირვალეობა, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“.

პროექტი მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მთავრობის იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან შემდგარი მაღალი დონის საექსპერტო მისიის მოვლინებას ისახავს მიზნად „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავის მონიტორინგისთვის.

ხაზგასმულია რა, რომ სასამართლო პროცესები უნდა იყოს „გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი“, დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, რომ „განაგრძოს და სრულყოფილად განახორციელოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მათ შორის მისი დამოუკიდებლობის გაძლიერების და პროკურატურის დეპოლიტიზაციის კუთხით“.

„[ევროპარლამენტი] შეშფოთებული რჩება პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმის გამო, რომლის საფუძველზეც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან; მოუწოდებს განაგრძოს მცდელობები  სრული დამოუკიდებლობის, ეფექტურობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის მისაღწევად სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახლად შექმნილ  [სახელმწიფო] უსაფრთხოების სამსახურში, მათ შორის ამ ორი უკანასკნელის საქმიანობაზე საპარლამენტო მეთვალყურეობის გზით; წუხილს გამოთქვამს წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენების გამო, განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურების და აქტივისტების მიმართ, რაც გამონაკლისი ზომა უნდა იყოს, რომელიც მხოლოდ გადაუდებელი და მკაფიო აუცილებლობის პირობებში უნდა იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ახსენებს რა ვენეციის კომისიის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებულ „შეუსაბამო ზეწოლაზე“, რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს მთავრობას „შესაბამისი ქმედებები განახორციელოს, მათ შორის მიიღოს ადეკვატური ზომები სასამართლოს წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების დასაცავად, სრულად გამოიძიოს დაშინების ყველა შემთხვევა და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს“.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა სწრაფად და ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული“; დოკუმენტი მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში გააუმჯობესოს პოლიტიკური კლიმატი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის თავიდან არიდების გზით და უზრუნველყოს პარტიათა შორის დიალოგი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე“.

რეზოლუციის პროექტი სამართლებრივ და საკონსტიტუციო რეფორმის, ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოში ევროკავშირის მაშინდელი სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მიერ 2013 წელს მომზადებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. პროექტში ასევე აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რამაც „არსებითად გაზარდა გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეს წამყვანი ფაქტორები“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „ელის [ევროპული] საბჭოსგან და წევრი ქვეყნებისგან, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს გადაუდებლად მისცემენ ორ ქვეყანას [საქართველოს და უკრაინას]“.

დეპუტატების უმრავლესობამ, რომლებმაც 20 იანვარს გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა, მხარდაჭერას გამოთქვამდა სამი ქვეყნის უფრო ახლო ასოცირების მიმართ ევროკავშირთან და მეტი რეფორმებისკენ მოუწოდებდა. საქართველოს შესახებ ზოგიერთი მათგანი წუხილს გამოთქვამდა, როგორც ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ჩეხმა დეპუტატმა იარომირ შტეტინამ განაცხადა, შერჩევითი სამართლისა და მედიის თავისუფლების კუთხით. თუმცა შტეტინა ასევე მიესალმა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწოდებას პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით. ესპანელმა დეპუტატმა, ხავიერ ნარტმა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას „ოლიგარქი“ აკონტროლებს - მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა მხედველობაში.

ევროპარლამენტის წევრმა ბრიტანეთიდან, საიად კარიმმა, რომელიც ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის წევრი  და ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება „კარგი ტემპით“ მიდის.

Civil.Ge © 2001-2024