ICC-ის მოსამართლეებმა 2008 წლის ომის გამოძიებაზე სანქცია გასცეს
Civil Georgia, Tbilisi / 27 Jan.'16 / 19:24



სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატის სამმა მოსამართლემ თანხმობა მისცა ICC-ის პროკურორს გამოძიება დაიწყოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომელთაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი.

ეს გადაწყვეტილება დაახლოებით სამი თვის თავზე იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს სანქციის მისაღებად 160–გვერდიანი თხოვნა გაუგზავნა, სადაც დეტალურად აღწერს ქართულ, რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებს.

გამოძიება მოიცავს დროის მონაკვეთს, რომელიც ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2008 წლის 1 ივლისიდან იწყება და 2008 წლის 10 ოქტომბერს სრულდება, როდესაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანა იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც მას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიღმა ჰქონდა ოკუპირებული.

„[პროკურორის] მოთხოვნისა და თანმხლები მასალების შესწავლის შემდეგ [წინასასამართლო] პალატამ დაასკვნა, რომ არსებობს შესაბამისი საფუძველი, რათა გვჯეროდეს, რომ  ICC-ის იურისდიქციის ფარგლებში მოქცეული დანაშაულები ჩადენილი იქნა საქართველოში“, - განაცხადა ჰააგაში განთავსებულმა სასამართლომ 27 იანვარს.

„ასეთი დანაშაულები მოიცავს დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორიცაა მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა და ომის ისეთ დანაშულებს, როგორიცაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, განზრახ მკვლელობა, მიზანმიმართული თავდასხმები სამშვიდოების წინააღმდეგ, ქონების განადგურება და ძარცვა, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიების დაწყების თაობაზე თავის თხოვნაში, რომელიც 2015 წლის  ოქტომბერში იქნა წარდგენილი, პროკურორი ბენსუდა შემდეგ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ" დანაშაულებზე მიუთითებდა:

  • „ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ ოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით)“;
  • „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე - ქართული ძალების მიერ“.

ICC–ის პროკურორის თხოვნას მოსამართლეებისადმი თან ახლდა ასევე  კონფიდენციალური დანართი, რომელიც შეიცავს „იმ პირების ან ჯგუფების სიას, რომელთაც სავარაუდოდ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყველაზე სერიოზულ დანაშაულებზე, მათი კონკრეტული როლის მითითებით“.

გამოძიების დაწყებაზე თხოვნის წარდგენიდან რამდენიმე დღეში პროკურორი ფატუ ბენსუდა 2015 წლის შუა რიცხვებში თბილისს ესტუმრა, სადაც ის იუსტიციის მინისტრს და მაშინდელ მთავარ პროკურორს, ასევე იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც 2009 წელს ანგარიში მოამზადეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი აგვისტოს ომის დროს ფუნდამენტური უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები და რომლებიც თანამშრომლობდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ ICC–ის პროკურორის ოფისს საქმის წინასწარი შესწავლის ეტაპზე.

ეს ICC-ის პირველი გამოძიება იქნება, რომელიც აფრიკის ფარგლებს გასცდება. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რომის სტატუტის მონაწილე არ არის, რომლის საფუძველზეც ICC ჩამოყალიბდა, სასამართლოს მაინც აქვს უფლებამოსილება, რომ რუსეთის მოქალაქეების ქმედებები გამოიძიოს, რადგან სავარაუდო დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი, საქართველო კი ICC–ის წევრია. 

საქართველო, როგორც რომის სტატუტს მიერთებული ქვეყანა, ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ICC-თან – ეს არ შეეხება რუსეთს, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.

Human Rights Watch-ი, რომელმაც  2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაზე ანგარიში 2009 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა, მიესალმა გამოძიების დაწყებაზე ICC-ის მოსამართლეების გადაწყვეტილებას.

„ICC-ის გამოძიება მსხვერპლთათვის სამართლიანობის დადგენის საჭირო ძალისხმევის განახლებას წარმოადგენს“, - განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ევენსონმა, „ომის დამთავრების შემდეგ შვიდ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ არც საქართველოს და არც რუსეთს არ გამოუვლენიათ პასუხისმგებელი პირები სამოქალაქო პირების უკანონო მკვლელობებში, სახლების ძარცვასა და გადაწვაში“.

 

Civil.Ge © 2001-2024