მესაკუთრეთა ბრძოლა ვალების მქონე ტელეკომპანია „მაესტროს“ კონტროლისთვის
Civil Georgia, Tbilisi / 6 Feb.'16 / 17:29

ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლისთვისაც სიახლეს არ წარმოადგენს თანამფლობელებსა და მენეჯმენტს შორის, ასევე მენეჯმენტსა და ჟურნალისტებს შორის დავები, ახლა მეწილეებს შორის ბრძოლაში გაეხვა, რომლის ფარგლებშიც სასამართლოში რამდენიმე დავა, აქციების ხელახლა გადანაწილება და გენერალური დირექტორის áƒ’ათავისუფლება მიმდინარეობს; ამ მოვლენებს შესაძლო პოლიტიკური ჩარევის შესახებ ბრალდებებიც ახლავს, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, როცა ტელეკომპანიის აწ უკვე საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის „მეგობრული“ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა.

„მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მოპოვებიდან  სამ დღეში გია გაჩეჩილაძემ 4 თებერვალს პარტნიორთა კრება დანიშნა, სადაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე, რომელმაც, რამდენიმე სხვა თანამფლობელის მხარდაჭერით, ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. გადაბაძე გია გაჩეჩალიძის ძმამ, ლევანმა შეცვალა, თუმცა პარტნიორთა კრების ეს გადაწყვეტილება ჯერ საჯარო რეესტრში არ ასახულა. 

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“,  2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის ქუჩის საპროტესტო აქციებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაცემა ”საკანი â„–5”-ის მეშვეობით, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში თვეების განმავლობაში გადიოდა; მაშინ გადაბაძე ამ შოუს პროდიუსერი იყო. „უცნობის“ ძმა, ლევანი 2008 წლის ვადამდელ არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და მიხეილ სააკაშვილის მთავარი მეტოქე იყო, თუმცა მასთან დამარცხდა.

გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“ აქციების 50%-ის მფლობელი 2011 წლის გაზაფხულზე გახდა. ცოტა ხანში მან წილების ნახევარი თავის მეგობარს და შორეულ ნათესავს, მაკა ასათიანს გადასცა, რომლის მეუღლეც, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი კოტე გოგელია არხის ფინანსური მხარდამჭერი გახდა. დანარჩენი 50% ოთხ დანარჩენ თანამფლობელს შორის გადანაწილდა.

2015 წლის შემოდგომაზე „მაესტრომ“ სასამართლოში გაკოტრების შესახებ საქმის წარმოების პროცედურები დაიწყო - ამას გია გაჩეჩილაძე შეეწინააღმდეგა.

გადაბაძის  თქმით, აუდიტმა „მაესტროს“ ვალი, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით,  54 მილიონ ლარად შეაფასა და მაკა ასათიანი უმსხვილეს  კრედიტორად დაასახელა.

თუმცა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს ვალები გაბერილია. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ გაკოტრების საქმე ასათიანის მხარდაჭერით აღიძრა, რათა ტელეკომპანია „მაესტრო“ გაიყიდოს.

სატელევიზიო რეიტინგებში „მაესტრო“ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ორ წამყვან ტელემაუწყებელს - „რუსთავი 2“-სა და „იმედს“. 2015 წელს „მაესტრომ“ 3.53 მილიონი ლარი მიიღო სარეკლამო შემოსავლის სახით, რაც ასევე ბევრად  ნაკლებია „რუსთავი 2“-ის 37 მილიონიან და „იმედის“ 23.67 მილიონიან სარეკლამო შემოსავალზე იმავე წელს.  

იანვრის ბოლოს გია გაჩეჩილაძე ორ თანამფლობელთან  - გიორგი ებრალიძესთან და ლევან ჩიკვაიძესთან მათი 15-15%-იანი წილების შესყიდვაზე შეთანხმდა; გარიგება ოფიციალურად 1 თებერვალს გაფორმდა, თუმცა მისი ღირებულება კონფიდენციალურია. შედეგად, გია  გაჩეჩილაძე „მაესტროს“ წილების 55%-ის მფლობელი გახდა.

გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ წილების შესაძენად მან ფული ირაკლი რუხაძისგან ისესხა, რომელიც უკვე დიდი ხანია გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების და ბიზნესის მმართველია; ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახის მფლობელობაშია. რუხაძეს áƒ’არიგებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს ტელევიზია „მაესტროს“, ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ. 

გია  გაჩეჩილაძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის 2 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში გამართულმა შეხვედრამ, რომელზეც ინფორმაცია ჯერ „მაესტრომ“ გაავრცელა და შემდეგ კი თავად გაჩეჩილაძემ და კვირიკაშვილმაც დაადასტურეს, კიდევ უფრო გაამწვავა ბრალდებები შესაძლო პოლიტიკური ჩარევის შესახებ.

გაჩეჩილაძეც და კვირიკაშვილიც შეეცადნენ, რომ ეს დიდი ხნის მეგობრებს შორის შეხვედრად გაესაღებინათ, რასაც არაფერი ჰქონდა საერთო „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებთან.

„მე მქონდა ჩემს მეგობართან შეხვედრა, არანაირი კავშირი ამას „მაესტროს“ საქმესთან არ ჰქონია. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, - განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 5 თებერვალს მას შემდეგ, რაც წინა დღეს მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა მისი წერილობითი პოზიცია, სადაც ნათქვამია იყო: "ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია".

თუმცა, როგორც ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ 5 თებერვალს განუცხადა, მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის დავაში ერევა.

ამ ეტაპზე გადაბაძე ტელეკომპანიის მენეჯმენტს კვლავ აკონტროლებს, რადგანაც დირექტორის პოსტიდან მისი გათავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა საჯარო რეესტრში ჯერ არ ასახულა - პროცედურა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში დასრულდება.

გადაბაძემ განაცხადა, რომ ორშაბათს, როდესაც საჯარო რეესტრი, სავარაუდოდ, დაასრულებს მისი გათავისუფლების და ლევან გაჩეჩილაძის ახალ დირექტორად დანიშვნის რეგისტრაციას, ის გარკვეულ დოკუმენტებს გაასაჯაროვებს, რათა პასუხი გაეცეს ბევრ იმ საკითხს, რომელთა დეტალებზეც მან არ ისაუბრა.

ლევან გაჩეჩილაძემ უთხრა ჟურნალისტებს 4 თებერვალს, რომ არც მას და არც მის ძმას  რაიმე პოლიტიკური მოტივები არ აქვთ და ერთადერთი მიზანია, რომ „მაესტრო“ ყველაზე ყურებადი ტელევიზია გახდეს და რეიტინგებით გაუსწროს „რუსთავი 2“-ს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურმა განაცხადა წერილობით განცხადებაში, რომ ბაია გადაბაძის „გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო  სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არცერთი მცდელობა“.

„ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და „მაესტრო“ არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, ცალკე დავა მიმდინარეობს გია გაჩეჩილაძეს და „მაესტროს“ დამფუძნებელს და 15%-ის მფლობელს, მამუკა ღლონტს შორის.

ღლონტი აცხადებს, რომ გაჩეჩილაძემ დაარღვია წინასწარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მას საკუთარი 25%-იანი წილი, რომელიც 2011 წელს მიიღო,  სხვა თანამფლობელების სასარგებლოდ 2012 წლის ბოლომდე უნდა დაეთმო.

„მან შეიძინა 30% და ამ 30%-ს მე ლეგიტიმურად ვაღიარებ. თუმცა ლეგიტიმურად არ ვაღიარებ მის იმ 25%-ს, რაც მანამდე გააჩნდა... ერთი თვის წინ სარჩელი უკვე შევიტანე და ვნახოთ, სასამართლო როგორ დამთავრდება“, - განაცხადა ღლონტმა გაზეთ „რეზონანთან“ ინტერვიუში.

ცალკე სასამართლო დავა ეხება საკუთრების უფლებას „მაესტროს“ ლოგოსთან და სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით, რომელიც გაჩეჩილაძის თქმით, უკანონოდ გადაეცა ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს. 

კიკაბიძემ განაცხადა 5 თებერვალს, რომ ახალი ტელეკომპანიის „მაესტრო-24“-ის დაფუძნებას გეგმავს. არხი უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა იქ ამჟამად რადიო “მაესტროა“ გაშვებული და ლოგოც არის  გამოსახული, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგოს ანალოგიურია და მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ დამატებული აქვს „24“.

5 თებერვალს ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, რომ საქართველოში დღეს, როგორც არასდროს, მარტივია არხის დაფუძნება და  დასძინა, რომ ამჟამად ახალი არხის მუშაობისთვის თანხების მოძიებაზე მუშაობს. 

მაგრამ ეს ნაბიჯი შესაძლოა ახალი დავის საგანი გახდეს, რადგანაც იმ სიხშირის მფლობელი, სადაც ამჟამად „მაესტრო 24“ გადის, ტელეკომპანია „მაესტროა“, სადაც გაჩეჩილაძე მთავარი მეწილეა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აცნობა კიკაბიძეს, რომ საჭიროა მან კომისიას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის გადაცემების ბადე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. კიკაბიძემ განაცხადა, რომ ის ყველა საჭირო დოკუმენტს კომისიას მომდევნო კვირას წარუდგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში მართალია აღნიშნა, რომ „მაესტროს“ ირგვლივ დავა „კერძო ხასიათისაა“, მაგრამ ამავე დროს,  შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ „მფლობელობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილები ბადებს საფუძვლიან ეჭვებს პროცესის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით“.

„ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული პროცესები კიდევ უფრო ამძაფრებს სამოქალაქო სექტორის ეჭვებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. „მსგავსი ქმედების მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2015 წლის ზაფხულში დაწყებული ერთი შეხედვით კერძო ხასიათის დავა “რუსთავი 2”-ის წილების მფლობელობასთან დაკავშირებით. ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის, ასევე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა ნაჩქარევად არ მიიღონ არხის მენეჯმენტის და ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავების დასრულებამდე. აღნიშნული ქმედებით ისინი დაადასტურებენ, რომ მათი მიზანი არხის განვითარებაა და არა ტელევიზიისთვის პრობლემების შექმნა ან სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა“.

Civil.Ge © 2001-2024