მთავრობა ბიუჯეტის 400 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმის ფონზე
Civil Georgia, Tbilisi / 12 Feb.'16 / 12:43

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირება მოუწევს, ვინაიდან მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმა მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლებს შეამცირებს.

ინიციატივის თანახმად, რომელიც მთავრობის თქმით, ესტონურ მოდელს ეფუძნება, მოგების რეინვესტირების ან მისი საერთოდ არ განაწილების შემთხვევაში, კომპანიები მოგების áƒ’ადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

კანონპროექტი მთავრობის წევრებმა 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოიწონეს, რის შემდეგაც ის პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად. მთავრობა იმედოვნებს, რომ რეფორმა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას დაეხმარება.

საგადასახადო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2016 წლის 1 ივლისიდან შევა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

თუმცა, ეს ინიციატივა არ შეეხება ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, განაცხადა მან.  

ამავე ინიციატივის თანახმად, მოგების გადასახადის საანგარიშო პერიოდი კალენდარული წლის ნაცვლად,  ერთი თვე იქნება.

ფინანსთა სამინისტროს თქმით, კიდევ ერთი ინიციატივის თანახმად, კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული  ღირებულების გადასახადით (დღგ) დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ  გადაიხდის დღგ-ს თანხას.

„აღნიშნული რეფორმები და არა მხოლოდ მოგების გადასახადის, არამედ დღგ-ს ნაწილში განსახორციელებელი, წლევანდელი ბიუჯეტის  შემოსავლების ნაწილს დაახლოებით 400 მილიონი ლარით შეამცირებს. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რათა ბიუჯეტში ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს“, - განაცხადა ხადურმა. 

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საწარმოებიდან მოგების გადასახადის სახით  980 მილიონი ლარის შემოსავლებია დაგეგმილი, რაც წელს პროგნოზირებული საბიუჯეტო ხარჯების 11%–ს აღემატება და მთლიანი საგადასახადო შემოსავლების (7.98 მილიარდი ლარი) 12.3%–ს შეადგენს.

თბილისში იანვრის ბოლოს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმის გამო ბიუჯეტის შესამცირებლად, მიუხედავად იმისა, რომ 2016 საარჩევნო წელია საქართველოში.

„ორიოდე თვეში, იმედია, გვექნება ახალი საგადასახადო კოდექსი, რომლის თანახმადაც დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები დასჭირდება და მზად ვართ ეს ცვლილებები განვახორციელოთ მიუხედავად იმისა, რომ წელს საარჩევნო წელი გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა 28 იანვარს.

პირველად კვირიკაშვილმა ესტონური მოდელის შემოღების იდეა 2015 წლის მარტში გაახმოვანა, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო. მართალია მთავრობამ ამ იდეის შესაძლო შედეგების შეფასება დაიწყო, მაგრამ მაშინ ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე საკმაოდ სკეპტიკური ჩანდა 2015 წლის ოქტომბერში ამ საკითხის კომენტირებისას. კვირიკაშვილმა ეს საკითხი ხელმეორედ იანვარში, პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებიდან ორ კვირაში წამოწია.

Civil.Ge © 2001-2024