თბილისი მიესალმება ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების უმეტესობის გაუქმებას
Civil Georgia, Tbilisi / 16 Feb.'16 / 17:34

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების დიდი ნაწილის გაუქმების შესახებ.

15 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვიტა, რომ აღარ განაგრძოს დაახლოებით ხუთი წლის წინ დაწესებული áƒ¡áƒáƒœáƒ¥áƒªáƒ˜áƒ”ბი 170 პირის, მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკოს და ასევე სამი კომპანიის წინააღდეგ მაშინ, როცა შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის იარაღზე დაწესებული ემბარგო კვლავ ძალაში დარჩა. 

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რაც თანხვედრაშია როგორც ბელარუსის, ისე ევროპის ინტერესებთან“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

„ქართული მხარე მიესალმება ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საერთო მიზნების მიღწევას“, - აცხადებს საგარეო უწყება.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას 12 თებერვალს თავის ბელარუს კოლეგას ვლადიმირ მაკეის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა „ორმხრივი ურთიერთობების პროგრესი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტიული მიმართულებები“ განიხილეს და ასევე, „მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“ გაამახვილეს ყურადღება.

Civil.Ge © 2001-2024