კოალიცია ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას გეგმავს, რომლითაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და კოალიციის ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა 7 მარტს. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ინიციატივა „პოპულისტური“ ნაბიჯია საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც საქართველოს კონსერვატიული საზოგადოების და მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად; ლგბტ პირების უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ეს ლგბტ საზოგადოების კიდევ უფრო მეტ მარგინალიზაციას გამოიწვევს და ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების შემდგომ გაღვივებას შეუწყობს ხელს. რესპუბლიკური პარტია საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების პროცესს გაემიჯნა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერია, მიანიშნა 7 მარტს, რომ ამ საკითხზე უთანხმოება კოალიციაში განხეთქილებას არ გამოიწვევს; მართალია მან დააკონკრეტა, რომ რესპუბლიკელები ამ ინიციატივის შინაარსს ეთანხმებიან, მაგრამ ამ საკითხის წამოწევას იმის გამო ეწინააღმდეგებიან, რომ პროექტი ვერ მოიპოვებს 113 დეპუტატის მხარდაჭერას პარლამენტში, რაც საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად არის საჭირო. საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ქართული ოცნების ინიციატივის თანახმად, „მეუღლეები“ შეიცვლება „ქალით და მამაკაცით“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში უკვე დაზუსტებულია, რომ ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“, რაც კრძალავს ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინებას. ქართული ოცნების ხელისუფლებამ პირველად საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივის იდეა 2014 წლის მარტში გააჟღერა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან ერთად; ამ უკანასკნელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შეეწინააღმდეგა, რომელიც ამაოდ შეეცადა „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული თანასწორობა“ ამოღებული ყოფილიყო ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტიდან, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის მაისში მიიღო. ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების კონსტიტუციის ძალით აკრძალვის იდეამ გასულ თვეს ისევ წამოიწია, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ინიცირების საკითხს განიხილავს. მის განცხადებას წინ უძღოდა იანვრის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რომელშიც მოსარჩელე გიორგი ტატიშვილი ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების ლეგალიზებას ითხოვს აცხადებს რა, რომ სამოქალაქო კოდექსის ის მუხლი, რომელიც ქორწინებას ქალის და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, არაკონსტიტუციურია. ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები გაემიჯნენ სარჩელს და განაცხადეს, რომ ეს კონტრპროდუქტიული და არაპრიორიტეტული საკითხია ქვეყანაში, სადაც ლგბტ პირები „ხშირად ხდებიან ცემის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაცინვის და გარიყვის მსხვერპლნი“. „სწორედ ზემოთ მოცემული ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში უწევთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა... იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს უწევთ მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი ძალადობა, დევნა და შევიწროება, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გახდებოდა გამოუყენებადი შესაძლებლობა“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა იდენტობამ, ლგბტ საქართველომ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და თემიდამ 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. 17 თებერვალს გამოქვეყნებულ ცალკე განცხადებაში, იგივე ორგანიზაციებმა და ასევე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა დაგმეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული ოცნების გეგმები და მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ „მოახდინოს ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით“. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ხანგრძლივი და რთული პროცესია. კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება სულ ცოტა 76 დეპუტატს ან 200 000 ამომრჩეველს შეუძლია, რასაც შემდეგ პროექტის ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა მოყვება. ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება; კოალიცია ქართულ ოცნებას პარლამენტში 87- წევრიანი უმრავლესობა ჰყავს. ამასთან საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით მიიღება იმ დათქმით, რომ კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ სამი თვის შემდეგ. 7 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, სადაც რესპუბლიკელები კოალიციის სხვა წევრების ამ ინიციატივისგან გამიჯვნის მიზეზებს განმარტავენ, პარტია აცხადებს, რომ „დასაზუსტებელი არაფერია“, ვინაიდან “საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს“. რესპუბლიკური პარტია ასევე ხაზს უსვამს, რომ ცვლილების მოქმედ პარლამენტში მიღება „ფიზიკურად შეუძლებელია“, ვინაიდან ინიციატივა ვერ დააგროვებს 113 ხმას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას ინიცირებული, თუ „დარწმუნებული ვართ, რომ ბოლომდე მივა პროცესი“, რაც ამჟამინდელ პარლამენტში ნაკლებად შესაძლებელია. „უშედეგო მცდელობა ეს იქნება კონტრპროდუქტიული. იმიტომ რომ, თუ ხდება ინიცირება საკითხის და ვამბობთ, რომ კონსტიტუციას რაღაცა მისამატებელი აქვს იმის გასამყარებლად თუ იმის ცალსახად სათქმელად, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის კავშირია და თუ ამას ვამბობთ, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებთ... ინიცირებას ვაკეთებთ, მაგრამ ვერ ვიღებთ, მაშინ საკითხს ვტოვებთ კიდევ უფრო გამწვავებულ მდგომარეობაში - გამოდის, რომ კონსტიტუციას რაღაცა აკლია ამ სფეროში, შეიძლება მისი სხვაგვარი ინტერპრეტაციაც და მის შეცვლას ვერ ვახერხებთ. აი ამ ძალიან მარტივი მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ მისი ინიცირება ეს არის არასწორი და კონტრპროდუქტიული“, - განაცხადა უსუფაშვილმა 7 მარტს მედიასთან შეხვედრისას. ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამოცხადებისას პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, რაც „ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს“. |
|||
Civil.Ge © 2001-2025