![]() |
|||
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარებს შორის „სამშვიდობო პროცესის ფარგლებში“ ენგურის ხიდთან 10 მარტს პატიმრების გაცვლა-გათავისუფლება შედგა. სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, „პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად“, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი“ საქართველოს 14 მოქალაქე გათავისუფლდა. თუმცა, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში civil.ge-ს განუცხადეს, 14 გათავისუფლებულიდან, ქართულ მხარეს 13 პირი გადმოეცა, ხოლო ერთმა, რომელიც კოდორის ხეობის მკვიდრი იყო და მისი ვინაობა არ დასახელებულა, სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენა არჩია. აფხაზურმა მხარემ გამყოფ ხაზთან შემდგარი პატიმართა გაცვლის პროცესში თბილისს სულ 9 პირი, მათ შორის ერთი ქალი გადმოსცა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ესენი არიან: ომარ ჯღარკავა, ჯემიკო ოყუჯავა, მალხაზ რურუა, ზურაბ თორაძე, შალვა ხუხუა, ელდარ ცაგურია, მანუჩარ შონია, დიანა შედანია-ასეევა და კობა გერლიანი. ოსურმა მხარემ კი თბილისს 4 პირი გადმოსცა: ჯემალ მიდელაშვილი, გელა ილურიძე, თეიმურაზ გრიგალაშვილი და იგორ ფუხაევი, იტყობინება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ პირების დაკავების მიზეზების დაკონკრეტების გარეშე. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც მონაწილეობდა პატიმართა გაცვლის პროცესში, განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები „მაისის თვიდან მიდიოდა“. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025