საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა
Civil Georgia, Tbilisi / 23 Mar.'16 / 12:54

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს განუცხადა, რომ ის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ერთგული რჩება.

ლუკაშენკომ, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გასულ წელს სტუმრობდა, ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსის მიერ არჩეული სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური კურსი ხელს ვერ შეუშლის მჭიდრო თანამშრომლობას და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ფაქტიურად „უთანხმოებები არ არსებობს“.

„თქვენი ვიზიტი ადასტურებს საქართველოს სერიოზულ განზრახვას გააძლიეროს ურთიერთობები ბელარუსთან“, - განუცხადა ლუკაშენკომ კვირიკაშვილს შეხვედრის დაწყებისას, „მე ვიყავი საქართველოში და ჩვენ ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარია, რომ როცა ერთმანეთს თვალებში შევხედეთ, მივხვდით, რომ ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს და მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება, რომ მთავარობები ავანგარდში უნდა ჩაუდგნენ ამ გადაწყვეტილებების განხორციელებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ. თქვენ უცხო ხალხი არ ხართ ჩვენთვის და მიხარია, რომ აქ თავს ისე გრძნობთ, როგორც სახლში“.

„რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს მიზანი – 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო ბრუნვა [ყოველწლიურად] პირველი ნაბიჯია, რომელსაც, ვფიქრობ, ახლო მომავალში მივაღწევთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

„თქვენ იცით, რისი გაყიდვა, მიწოდება ან ერთობლივი წარმოება შეგვიძლია საქართველოში – ჩვენ ჩვენი წინადადებები წარმოვადგინეთ და საქართველო დათანხმდა ამაზე; ვიცით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ბელარუსში – ყველაფერი; თუ დაინტერესებული ხართ ევროპის, ევრაზიის ბაზარში, იცით, რომ თქვენთვის ბელარუსში აკრძალული საკითხები არ არსებობს. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ამ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო ბრუნვას ძალიან მალე მივაღწევთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
საქართველოს და ბელარუსს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 41.23 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 55.43 მილიონი აშშ დოლარი იყო. 

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას – აქ ჩვენ უთანხმოებები ფაქტიურად არ გვაქვს; არ აქვს მნიშვნელობა, რა კურსს ახორციელებს საქართველო და რომელ კურსს მივყვებით ჩვენ – ვიცით ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ გვიშლის ხელს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვავითაროთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ [საერთაშორისო] პროცესებს და მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობების კორექტირება მოვახდინოთ, თუ ამის საჭიროება იქნება, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულოებით“, – დასძინა მან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ორმხრივ თანამშრომლობას „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვესტუმროთ ქვეყანას, რომელიც ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ქართველები აფასებენ ამას“, – მიმართა კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს, „ამ ურთიერთობებში თქვენი პირადი წვლილი ძალიან დიდია. დიდად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მინსკს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, 22 მარტს თავის ბელარუს კოლეგას ანდრეი კობიაკოვსაც შეხვდა და ასევე გამართა შეხვედრა ბელარუსის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის სპიკერებთან მიხეილ მიასნიაკოვიჩთან და ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. 

Civil.Ge © 2001-2024