თავდაცვის მინისტრი ნატოს მოახლოებულ სამიტზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 23 Apr.'16 / 17:39

ნატოს სამიტი ვარშავაში, რომელიც 8–9 ივლისს იგეგმება, საქართველოსთვის წარმატებული áƒ˜áƒ¥áƒœáƒ”ბა, თუ ქვეყანა მიიღებს „დამატებით“ ინსტრუმენტებს, რომლებიც „მეტ თავდაცვისუნარიანობას“ და შეკავების მექანიზმებს უზრუნველყოფს არსებული საფრთხეების ფონზე, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პარასკევს. 

მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი“ და დასძინა, რომ ამჟამად ალიანსის 28 წევრს შორის „კონსენსუსი არ არის“ საქართველოს შეერთების თაობაზე.

„რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა არის ნატოს წევრობა“, – განაცხადა მინისტრმა, „რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა ხელისუფლების დღემდე – და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგაც ასე დარჩება – მთავარი ამოცანა იყო დაემოკლებინა ეს გზა სურვილსა და რეალურად წევრობას შორის“.

„წარმატების ინდიკატორი ჩვენთვის იქნება მეტი თავდაცვისუნარიანობა, ანუ ქვეყანა გამოვიდეს უფრო უსაფრთხო, ქვეყანას ქონდეს მეტი შეკავების მექანიზმები“, – განაცხადა მან.

მისი ინფორმაციით, თებერვალში გამართულ ნატო–საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე წარადგინა გეგმა, რომელშიც „დეტალურად არის გაწერილი“ ის ინსტრუმენტები, რომლებიც, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნატოს ვარშავის სამიტის დეკლარაციაში აისახება და განხორციელდება, საქართველოს უფრო უსაფრთხოს გახდის.

„ეს არის ზუსტად იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე პასუხი, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, ისევ და ისევ იმ დათქმით, რომ წევრობას არაფერი ანაცვლებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მან გეგმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ „ერთ–ერთი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, არის შავი ზღვის უსაფრთხოება“.

მისი თქმით, ამას მოყვება „საქართველოს სრულფასოვანი თანამონაწილეობა“ ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებთან – თურქეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად. თვის დასაწყისში ხიდაშელი რუმინეთს სტუმრობდა, რომლის თავდაცვის მინისტრმა მირჩეა დუშამ შავ ზღვაზე ნატოს მუდმივი ყოფნის საჭიროებაზე ისაუბრა, რაც ასევე ღია იქნება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა.

22 აპრილს სოფიაში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, რომ ალიანსმა უნდა განიხილოს „ნატოს უფრო თანმიმდევრული სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში – და ყურადღება ჩვენ საზღვაო შესაძლებლობებზე გამახვილდეს – ეს წარმომადგენლობა უნდა იყოს ძლიერი და ამავე დროს თავდაცვითი, არამუდმივი და მონროს კონვენციის შესაბამისი“, რომელიც იმ ქვეყნების სამხედრო ხომალდების ზედიზედ 21 დღეზე მეტ ხანს ყოფნას ზღუდავს შავ ზღვაში, რომლებიც შავის ზღვის აუზის ქვეყნებს არ მიეკუთვნებიან. 

მართალია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს დეკემბერში, რომ საქართველოს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, მაგრამ მათ ასევე დაადასტურეს, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) ეტაპი უნდა გაიაროს, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან. ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალიანსი, სავარაუდოდ, არც წლევანდელ ვარშავის სამიტზე მისცემს საქართველოს MAP–ს. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, MAP–ის მიღება, როდესაც ამაზე ალიანსში კონსენსუსი მიიღწევა, ფაქტიურად, ნატოში წევრობაზე მიწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

22 აპრილს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავის Facebook–ის გვერდზე დაწერა: „MAP არის საქართველოსთვის წარსული იმ გაგებით, რომ, მართალია, ის შეიძლება რჩება ფორმალურად მოსაპოვებელი (შეიძლება არც დარჩეს), მაგრამ ის პრაქტიკულად უკვე არის დე-ფაქტო მოპოვებული“.

„ჩვენ დღეს, სრულიად თამამად, დოკუმენტურად და ცალსახად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ საქართველოს, ისე როგორც პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანას მანამდე, აქვს გაცილებით მეტი ფორმატი, მეტი ინსტრუმენტი და მეტი შესაძლებლობა ნატოს-თან მჭიდრო თანამშრომლობით დაგეგმოს და განავითაროს მისი შეიარაღებული ძალები“, – წერს ხიდაშელი.

მან იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად მცდარი მოლოდინების წინააღმდეგაც გააფრთხილა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, გათვალისწინებულ უნდა იქნას და მიღწეულ წარმატებებს შორის მან ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) დაასახელა.

„JTEC ნამდვილად არის ინსტრუმენტი, რომელიც ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და გაძლიერებისათვის. მისი ინაუგურაცია მოხდა გასულ აგვისტოს. გასულ კვირას პირველი სწავლება დავასრულეთ. 15 მაისს პირველი ასეული შედის ნატოსეული შეფასებისთვის. ოღონდ ამ ამბებს უკვე მედიაც აღარ აშუქებს იმდენად ჩვეულებრივ ამბებად იქცა, არაფერია ახალი... და ეს კარგია. იმიტომ, რომ დიახ, სწორედ ეს არის მეტი ნატო საქართველოში, ეს ამბები ჩვეულებრივ ამბებად უნდა იქცეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების, და მაშასადამე, ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიურობად“, – განაცხადა მან.  

ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელმაც თქვა, რომ მისი პოლიტიკაა ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალი დემოკრატიული სახელმწიფოს შენება სტრატეგიული მოთმინებით“.

„სწორედ სტრატეგიული მოთმინება არის ის ინსტრუმენტი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება და რომელიც შეგვაძლებინებს, ვიყოთ უკეთესი ევროპული ქვეყანა“, – დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024