დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა, ახალი მოძრაობის შექმნა დაანონსა
Civil Georgia, Tbilisi / 5 May.'16 / 14:45

დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ახალ მოძრაობას იწყებს და ტოვებს ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან პარტიამ ახალი ტიპის იდეებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინები ვერ გაამართლა და სანაცვლოდ, ჩამოაყალიბა „დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა“, რომელიც „ივანიშვილის მავნებლური მმართველობის“ მოკავშირეა და „ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“.

„ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავის სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“, - განაცხადა ვაშაძემ 5 მაისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

„მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით“, - განაცხადა მან.

ვაშაძე 2012 წლის არჩევნების შედეგად გახდა პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, რადგან ისანში მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხდა ხმათა 32.9%-ით. მანამდე კი ის 2010-12 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და 2005 წლიდან მოყოლებული კურირებდა რეფორმებს, რომლის შედეგადაც იუსტიციის სახლები ჩამოყალიბდა. ბოლო პერიოდში ის ხშირად სტუმრობდა უკრაინას, სადაც რეფორმების კუთხით áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ£áƒšáƒ¢áƒáƒªáƒ˜áƒ”ბში áƒ˜áƒ§áƒ ჩართული. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობა მას თბილისის მერობის კანდიდატადაც განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მასზე აღარ გააკეთა

ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „უპასუხიმგებლო“ და იმ „განაწყენებით“ გამოწვეული, რაც პარტიული საარჩევნო სიის პირველ ათეულში მის ვერ მოხვედრას უკავშირდება. 

„გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი - აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია“, - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. 

„ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და მითუმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის. ჩვენს მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებს დავამარცხებთ“, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ყოფილ სახელისუფლებო პარტიას აქტიური დეპუტატები ტოვებენ. შარშან მაისში ნაციონალურ მოძრაობას მისი აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე კიდევ სამ დეპუტატთან ერთად გაემიჯნა და ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ჩამოაყალიბა.

5 მაისს ნაციონალურმა მოძრაობამ ვაშაძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ექს-პრეზიდენტის და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სახელით, სადაც ნათქვამია: „მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა,  თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში... ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით,  მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს“.

სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ „ხრიკების მიუხედავად“, ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში „გაძლიერდება“, „ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით“ შეივსება და „დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მან შეიმუშავა პრინციპები, რომლის საფუძველზეც პარტიული სიის ფორმირებას მოახდენს „გამჭირვალედ“ და „არა ვინმეს ნება–სურვილის შესაბამისად“.

Civil.Ge © 2001-2024