ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 11 May.'16 / 15:46

1300–მდე áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ”დრომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საქართველოდან და გაერთიანებული სამეფოდან 11 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო.

26 მაისამდე განგრძობად წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაზრდას, ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, დაახლოებით 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და 650 ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს.

„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლებაში ჩართული ამერიკული ტექნიკის, კერძოდ, ბულგარეთიდან ბორნის მეშვეობით საქართველოში პირველად შემოტანილი რვა M1A2 „აბრამსის“ ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანების „ბრედლის“ მონაწილებოდა. აშშ-ის საჰარეო ძალების C-130 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან ერთი მსუბუქად შეჯავშნული სამხედრო მანქანისა და 105 მმ-იანი ჰაუბიცის, ასევე აშშ–ის 173–ე სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცების პარაშუტით დესანტირება განხორციელდა.

„დღევანდელი სწავლება არის გაგრძელება იმ სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ დავსახეთ ნატოს ალიანსის მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წვრთნების გახსნის ცერემონიაზე. 

„საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა მან, „საქართველო გახდება ნატოს წევრი იმიტომ, რომ ასეა საჭირო უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი და პერსპექტივაზე ორიენტირებული მსოფლიოსთვის“.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა წვრთნებს საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველაზე მსხვილი ერთობლივი სამხედრო სწავლება უწოდა და განაცხადა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ „საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს რეაგირების ძალების შენაერთი“.

ახალგაზრდების ჯგუფზე მინიშნებით, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ წვრთნებს, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მკაფიო „გზავნილია მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება... ახალი თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი ურყევი იყოს“.

„ვისაც აინტერესებს იცოდეს, თუ როგორ გამოიყურება პარტნიორობა – სწორედ ასე“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა გახსნის ცერემონიაზე.

„ღირსეული პარტნიორის მთავარი მიზანია იმის დემონსტრირება, რომ როგორც ნატოს მოკავშირეები, ისე პარტნიორები ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას იღებენ უსაფრთხოების კუთხით შესაძლო კრიზისისთვის მომზადების საქმეში. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ არა მხოლოდ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მოულოდნელობისთვის, არამედ სწრაფი რეაგირებისთვისაც“, – განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 მაისს, რომ „ღირსეული პარტნიორი“ არის „პროვოკაციული ნაბიჯი“, რომელიც რეგიონში სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა 11 მაისს გახსნის ცერემონიას, თუმცა სიტყვით არ გამოსულა, ჟურნალისტებს 9 მაისს განუცხადა, რომ „აბსოლუტურად არაფერი პროვოკაციული ამაში არ არის“ და არც არავის წინააღმდეგ არ არის ის მიმართული.

ერთობლივი სწავლებები ბოლო დღეებში საქართველოს შიდა პოლიტიკის ერთ–ერთი მთავარი საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც პარტია ქართული ოცნების დეპუტატმა ამ სწავლებების წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ წვრთნები „სერიოზულ საფრთხეს“ შეუქმნის ქვეყანას და ასევე აღნიშნა თავდაცვის რესპუბლიკელ მინისტრზე თინა ხიდაშელზე მინიშნებით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ასეთი წვრთნების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, რათა ქართულ პოლიტიკაში „გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის არსებობის აუცილებლობაზე იყოს საუბარი“. მან ასევე განაცხადა, რომ ხიდაშელი ქვეყანას „შარში ხვევს“ ამგვარი პოლიტიკით. პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი, რომელიც 14 მაისიდან პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება, გაემიჯნა ამ განცხადებებს, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა მთავრობის მეთაური მაინც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უფრო მტკიცე პოზიცია არ გამოხატა მეჭიაურის მიმართ.

Civil.Ge © 2001-2024