აქტივისტებს, რომელთაგანაც შვიდი საპატრიარქოსთან დააკავეს, ხოლო დანარჩენი სამი თავისუფლების მოედნის მახლობლად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, რომელიც საჯარო ადგილებში სხვადასხვა სახის წარწერების ან ნახატების თვითნებურ შესრულებას ეხება. რამდენიმე აქტივისტს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით იმავე დღეს ყველა მათგანი გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დასაპირისპირებლად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2014 წლის 17 მაისს „ოჯახის დღე“ დააწესა, რომელიც მაშინ დიდი აქციით აღინიშნა, რომელსაც სასულიერო პირები უძღვებოდნენ და რომელიც შემდეგ ანტი–ლგბტ დემონსტრაციაში და პროტესტში გადაიზარდა. ჰომოფობიური ძალადობის შიშით ლგბტ აქტივისტებმა გადაწყვიტეს 2014 წელს არ აღენიშნათ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქუჩის აქციებით. მომდევნო წელს აქტივისტებმა ეს დღე ქალაქის სხვადასხვა ადგილებში აღნიშნეს, მათ შორის მრგვალ ბაღში, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები. წელს ლგბტ აქტივისტების ჯგუფს რუსთაველის გამზირზე სურდა შეკრება, თუმცა ხელისუფლებამ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ეს ადგილი უკვე დარეზერვებული ჰქონდა მართლმადიდებელ ჯგუფს, რომელიც იქ ოჯახის დღის აღნიშვნას გეგმავდა. სანაცვლოდ, ლგბტ აქტივისტებს სხვა ადგილას შესთავაზეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა, მათ შორის მრგვალ ბაღში; თუმცა მათ ეს შემოთავაზება არ მიიღეს იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოების გარანტიებს იმ ადგილას, რომელსაც ისინი დაჟინებით ითხოვდნენ. „სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის პირობებში, თემის წევრების ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ დაბალია და რეალურად ისინი მარტოები და დაუცველები რჩებიან ძალადობისა და ჩაგვრის პირისპირ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რვა ორგანიზაციამ გაავრცელა, რომელთა შორის არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; იდენტობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სინანული გამოთქვა თავის განცხადებაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა „ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა“. „შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და ასევე მოუწოდა იმის გამოძიებისკენ, რომ პოლიციამ ჰომოფობიური ენა გამოიყენა სამშაბათს გამთენიისას ათი აქტივისტის დაკავებისას.
ცალკე გამართული აქციის დროს რამდენიმე აქტივისტმა სასტუმრო „რედისონის“ წინ ცისარტყელას ფერებში მოხატული სკამი ე.წ „ტაბურეტი“ მიიტანეს, სადაც ოჯახების მსოფლიო კონგრესი ყოველწლიურ სამიტს მართავდა.
ოჯახების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ ეკლესიის ორგანიზებულ მსვლელობას შეუერთდნენ, რომელიც ოჯახის დღის აღსანიშნავად გაიმართა.
„სიტყვის თავისუფლების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა ჩვენს ტელევიზიასა და პრესაში, ასევე საგანმანათლებო ინსტიტუტებში“, – განაცხადა ვასაძემ 16 მაისს ფილარმონიაში, რომელიც კონგრესის მეორე დღეს მასპინძლობდა და რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე. შეკრებას ასევე ესწრებოდა რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე და სულ ცოტა სამი დეპუტატი პარტია ქართული ოცნებიდან – ომარ ნიშნიანიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ლორთქიფანიძე. 2013 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭირა „ანტი–ტრადიციული პროპაგანდის“ მცდელობას თბილისის ცენტრში და როდესაც ამ მცდელობას საზოგადოება დაუპირისპირდა და „გაყარა უსირცხვილო პროპაგანდისტები გამზირიდან, დასავლელი ელჩების იგივე გუნდი ერთხმად აყვირდა შეშფოთებული იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ მიიღო შემოთავაზებული უსირცხვილობის აღლუმი“. მიესალმა რა მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთ პოლიტიკას, მან ქართული ოცნება 2014 წელს ანტი–დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო გააკრიტიკა, რომელიც მისი თქმით, დასავლეთის მიერ იქნა თავს მოხვეული და რომლის მიღებაც წინა ხელისუფლებამაც კი ვერ გაბედა. „თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ველოდით დასავლეთისგან, ჩვენ მივიღეთ ციხე, ტერორი, გარყვნილება და უსამართლობა. ამის შედეგად, საქართველოში დასავლური კერპი დაემხო“, – განაცხადა ვასაძემ. „დასავლეთმა დე ფაქტო უკვე დაკარგა საქართველო – ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა იერიში მიეტანა ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაზე... დასავლეთის გავლენის ნარჩენები ემყარება მის ე.წ. მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა რუსული ოკუპაციის პირობებში. ეს დღე, როდესაც კრემლი ბოლოს და ბოლოს მიხვდება ამას და ითავებს შერიგებას თბილისაა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს საბოლოოდ“, – განაცხადა მან და მიმართა დასავლეთის მთავრობებს: „შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე და აღარ ჩაერიოთ ამ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში; შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება ასობით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით“.
საქართველოს პარლამენტი დებატების დაწყებას გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც პარტია ქართულმა ოცნებამ წარადგინა და რომელიც ერთნაირი სქესის პირთა ქორწინების აკრძალვას ეხება – რასაც ისედაც კრძალავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 10 მაისს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, „არ არის თემა“ საქართველოში და ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა „პოპულისტური“ ნაბიჯია საპარლამენტო არჩევნების წინ და მისი მიზანი საქართველოს მეტწილად კონსერვატორული საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაა. უფლებადამცველების თქმით, ეს ინიციატივა ლგბტ თემის შემდგომ მარგინალიზაციას ახდენს და ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების შემდგომ გაღვივებას უწყობს ხელს. |
|||
Civil.Ge © 2001-2025