ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე
Civil Georgia, Tbilisi / 2 Jun.'16 / 13:31

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (Coreper) კვლავაც ვერ შეთანხმდა საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე, იტყობინება სააგენტო Reuters.

სააგენტოს ცნობით ამის მიზეზი იმიგრაციის შიშით გამოწვეული სიფრთხილეა, რის გამოც, სხვა მიზეზებთან ერთად, ასევე ყოვნდება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი თურქეთისთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის.
 
Coreper-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, დანარჩენი ქვეყნებისგან განცალკევებით, 1 ივნისს ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ იმსჯელა და შემდგომი განხილვა შესაძლოა მომდევნო კვირას áƒ›áƒáƒœáƒáƒ› შედგეს, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება 9-10 ივნისს.

Coreper-ი, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს აერთიანებს, არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი რგოლი, რომელიც საკითხებს მინისტრთა საბჭოს წინაშე წარსადგენად ამზადებს.

ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს კომპეტენციაში, რომლის თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღება, იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ მიიჩნია, რომ საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი უკვე დააკმაყოფილა.

მეორე ორგანო, რომლის გადაწყვეტილებაც აუცილებელია ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად, არის ევროპარლამენტი, რომელიც ზაფხულის არდადეგებამდე ბოლო სხდომას 4-7 ივლისს გამართავს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე აღარ შეიკრიბება.

Reuters-ის ცნობით, იმ ქვეყნებს შორის რომლებიც Coreper-ის სხდომაზე საქართველოსთვის ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღების წინააღმდეგ გამოვიდნენ,  გერმანია და საფრანგეთი იყვნენ.

„ჩვენ არ გვინდა რომ მთლიანად [ვიზა ლიბერალიზაციის] პროცესი შევაჩეროთ. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ უფრო ფრთხილები ვიყოთ“,- განუცხადა Reuters-ს იმ ერთ-ერთი სახელმწიფოს დიპლომატმა, რომელიც Coreper-ის 1 ივნისის სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას შეეწინააღმდეგა.

დიპლომატის ვინაობა არ არის დასახელებული რადგან, როგორც წესი, ელჩები Coreper-ის სხდომების შესახებ საჯაროდ ოფიციალურ განცხადებებს არ აკეთებენ.

Reuters-ის ცნობით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისადმი ბერლინის სიფრთხილე ასევე გამოწვეულია გერმანიაში მოქმედ ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით.

ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თავის გერმანელ კოლეგებთან გერმანიაში აპრილის დასაწყისში ვიზიტის დროს განიხილავდა. გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების მონაცემების თანახმად, გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის დატოვების ვალდებულების მქონე  2 240 პირი იყო. გერმანიამ 2015 წელს თითქმის 300 საქართველოს მოქალაქის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა ანუ საქართველოში დააბრუნა.

როგორც ჩანს, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციას სკეპტიკურად უყურებენ, ბელგიაც არის.

ამ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა თავშესაფრის პოლიტიკისა და მიგრაციის საკითხებში, თეო ფრანკენმა 20 მაისს განაცხადა, რომ „ნამდვილად არ იქნება ყველაზე ჭკვიანური“ გადაწყვეტილება, რომ თურქეთს, უკრაინას, საქართველოსა და კოსოვოს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი დაუწესდეს მაშინ, როცა ევროპა მიგრაციასთან დაკავშირებულ „უდიდეს კრიზისს“ განიცდის.

„საზოგადოებრივი აზრი ევროპაში და ასევე ჩემს ქვეყანაში, ბელგიაში ასეთია – ნამდვილად არ არის მარტივი მოცემულ მომენტში, რომ ასიათასობით ადამიანს ვიზალიბერალიზაცია მივცეთ. ჩვენ გავაკეთეთ ვიზალიბერალიზაცია ბალკანეთის ქვეყნებისთვის 2010–2011 წლებში და ამან 2011–2012 წლებში  თავშესაფრის მაძიებელთა სერიოზული კრიზისი გამოიწვია, მათ შორის ბელგიაში. არ ვაპირებ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ერთი კრიზისი მეორეთი ჩავანაცვლო“, – განაცხადა ბელგიის სახელმწიფო მდივანმა.

როდესაც მას ქართველმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ ქვეყანამ უკვე დააკმაყოფილა ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვისაა საჭირო, ფრანკენმა უპასუხა: „არსებობს კრიტერიუმები და არსებობს შესაფერისი დრო – ეს უკანასკნელი კი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია“.

მან ეს განცხადება 20 მაისს მაშინ გააკეთა როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოიწონეს უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურების გამარტივება.

ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, ევროკავშირის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მესამე სახელმწიფოსთან შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმება, თუ ექვსი თვის განმავლობაში იზრდება უვიზო პირობების დარღვევის რაოდენობა (მაგალითად ნებადართულ ვადაზე მეტხანს დარჩენის შემთხვევები), ან იზრდება მესამე სახელმწიფოდან თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა, ან ეს სახელმწიფო უარს ამბობს რეადმისიის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე (არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას).

გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული წინადადების საფუძველზე შემუშავებული ახალი მექანიზმი, რომელსაც ევროკავშირის მინისტრებმა 20 მაისს მხარი დაუჭირეს და რომელსაც ასევე ესაჭიროება ევროპარლამენტის მხარდაჭერა, ითვალისწინებს ამ ვადების შემცირებას ექვსიდან ორ თვემდე. ახალი წესი ასევე ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ამოქმედებისთვის გაცილებით უფრო სწრაფ პროცედურებს. მექანიზმის გამოყენების საფუძველებს ემატება ახალი ფაქტორი - „შიდა უსაფრთხოებისთვის საგრძნობლად გაზრდილი რისკი“.

Civil.Ge © 2001-2024