თბილისის თქმით, რუსეთმა „ჯაშუშობაში“ მსჯავრდებული სამი ქართველი გაათავისუფლა
Civil Georgia, Tbilisi / 6 Jun.'16 / 18:16

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში იხდიდნენ სასჯელს, გათავისუფლებულნი არიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ორშაბათს.

„რამდენიმე დღის წინ რუსეთმა კიდევ სამი ჩვენი მოქალაქე გაანთავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს“, – განაცხადა აბაშიძემ სამი პირის ვინაობის დაკონკრეტების გარეშე.

მან განაცხადა, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე იხდის და დასძინა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ერთ–ერთი მათგანი ქართულ მხარეს მიმდინარე თვეში გადმოსცეს.

“იმედი გვაქვს, ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება”, - განაცხადა აბაშიძემ 6 ივნისს და დასძინა, რომ საკითხი კვლავ იქნება განხილული, როდესაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება პრაღის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში.

2014 წელს რუსეთმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც ასევე ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს.

2013 წლის იანვარში საქართველომ ციხეებიდან 190 პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც პარლამენტმა „პოლიტპატიმრებად“ ცნო. მათ შორის იყო რამდენიმე პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებულნი, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე. მაშინ მოსკოვი მიესალმა მისი მოქალაქეების გათავისუფლებას.

 

Civil.Ge © 2001-2024