ევროკავშირის მინისტრები ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის
Civil Georgia, Tbilisi / 10 Jun.'16 / 17:12

ევროკავშირის მინისტრები მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოდან 10 ივნისს ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, რათა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილონ, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის.

„საკმარისი მხარდაჭერა არ არის იმისათვის, რომ გადაწყვეტილება დღეს იქნას მიღებული“, – განაცხადა კლაას დიკხოფმა, ჰოლანდიის სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხოების და მართლმსაჯულების საკითხებში, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა.

„ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ ქვეყანას კვლავ აქვს გარკვეული წინააღმდეგობები და მათ ექნებათ შესაძლებლობა გაუზიარონ ისინი ყველა კოლეგას, თუ რაზეა საუბარი და როგორ შეიძლება მათი  მოგვარება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრამდე.  

საქართველოს იმედები, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარე ზაფხულში დასრულდებოდა, გერმანიის მიერ ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო შემცირდა.

„ვეთანხმები, რომ ის [უვიზო მიმოსვლა] ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განუცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ემილი ჰაბერმა ჟურნალისტებს საბჭოს შეხვედრამდე 10 ივნისს.

„თუმცა, უნდა განვიხილოთ საგანგებო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კორექტივები შევიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ უვიზო მიმოსვლის მასობრივ დარღვევას აქვს ადგილი“, – დასძინა მან.

ევროკავშირის მინისტრებმა მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოში 20 მაისს გერმანიის და საფრანგეთის ინიციატივა დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც უვიზო  მიმოსვლის შეჩერება მესამე ქვეყნებისთვის უფრო მარტივი და სწრაფი გახდა. ინიციატივა ახლა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მართალია უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის ყველაზე ნაკლებად სადავოა თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან შედარებით, მაგრამ საქართველოს საკითხი, როგორც ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, თურქეთისთვის და გარკვეულწილად უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გარშემო არსებული უთანხმოების „მძევალია“.

შვედეთის მართლმსაჯულების და მიგრაციის მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა განაცხადა 10 ივნისს საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, რომ „იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ჩვენ განვიხილავთ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე ახლოა კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან“.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი წელს ზაფხულში გადაწყდეს, მან უპასუხა: „რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ“.

Civil.Ge © 2001-2024