გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზურმა სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინაპატიმრობა მიუსაჯა
Civil Georgia, Tbilisi / 24 Jun.'16 / 11:39

სეპარატისტული აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ აფხაზ მესაზღვრეს რაშიდ კანჯიოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა, ვიდრე საქართველოს მოქალაქის განზრახ მკვლელობის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი დასრულდება, იტყობინებიან აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები ხუთშაბათს.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 19 მაისს მოკლეს. ინციდენტი სათვალთვალო კამერით იქნა გადაღებული. მკვლელობის ამსახველი ვიდეო ქართულმა ტელევიზიებმაც გაუშვეს, სადაც ჩანს მომენტი, რომ გიგა ოთხოზორიას საკონტროლო გასროლით კლავენ.

აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ რაშიდ კანჯიოღლის ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალი 20 მაისს წარუდგინა, თუმცა ის არ დაუკავებიათ, რასაც თბილისის პროტესტი მოყვა.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 6 ივნისს, რომ აფხაზური მხარის უუნარობა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი გაასამართლოს, აზიანებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას.

„მოცემულ ვითარებაში, არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება, ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა, „ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ... არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება - ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ანალოგიური პოზიცია გაიმეორა და აღნიშნა 23 ივნისს: „მისი პატიმრობაში ყოფნა მისთვისვე უფრო უსაფრთხოა იმიტომ, რომ არის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მოხდეს მისი ლიკვიდაცია და ამან გამოიწვიოს ესკალაცია კონფლიქტის ზონაში“.

ეს საკითხი 15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდზეც განიხილეს.

სეპარატისტული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს 22 ივნისს მიმართა რაშიდ კანჯიოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

თუმცა, სასამართლომ მისი შინაპატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლო პროცესის დასრულებამდე და სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

Civil.Ge © 2001-2024