სტოლტენბერგი: ‘საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნატოსთვის’
Civil Georgia, Tbilisi / 4 Jul.'16 / 19:30

მიმდინარე კვირას დაგეგმილ ვარშავის სამიტზე ნატო მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომ გააძლიერონ თავდაცვითი შესაძლებლობები და მოქნილობა, „რათა წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ზეწოლას და წინ წაწიონ რეფორმები“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება 8–9 ივლისს ვარშავის სამიტის ფარგლებში, სადაც ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი იმ ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელთაც  ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეაქვთ წვლილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში იმ 25 პარტნიორი ქვეყნის კოლეგებთან, რომლებიც თავსებადობის საკითხებზე თანამშრომლობენ ალიანსთან. 

„ერთ–ერთი მიზეზი, რისთვისაც ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს... არის ის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გაზარდოს თავისი მოქნილობა, შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა 4 ივლისს პრესკონფერენციაზე.

„რა თქმა უნდა, ნატოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რადგანაც საქართველომ ბევრი ზეწოლა ნახა გარედან და ჩვენ განვაგრძობთ მათ დახმარებას ამ ზეწოლასთან გამკლავებაში“, – განაცხადა მან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თბილისის მიზანია მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტის მიღება, რაც ქვეყანას თავისი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.

27 ივნისს თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას ხიდაშელმა განაცხადა, რომ ერთ–ერთი სფერო, რომელზეც საქართველომ აქტიურად იმუშავა ბოლო წლის მანძილზე, არის ნატოს შავი ზღვის „უსაფრთხოების კონცეფციაში“ ქვეყნის „სრულფასოვან მონაწილედ“ ჩართვა. 

„ამ საქმიანობის სრულფასოვანი მონაწილე არის საქართველო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო ნებისმიერი ამგვარი კონცეფციის ნაწილი იქნება, თუ ეს ვარშავის სამიტზე შეთანხმდება, „არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება, თუ მისი მონაწილე არ არის საქართველო“.

„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი – თუკი ამ უსაფრთხოების კონცეფციის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი იქნება პატრულირება შავ ზღვაზე, მაშინ ამ პატრულირების ნაწილი უნდა გახდეს საქართველოც. როგორც შედიან გემები ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის პორტებში, ზუსტად ასე, ამავე სიხშირით უნდა შემოდიოდნენ საქართველოს პორტებში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, თბილისი ასევე აყენებდა შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების და დაზვერვის მონაცემთა გაცვლის საკითხს.

„სურათი, რომელსაც უყურებენ ნატოს წევრი ქვეყნები – შავ ზღვაზე უსაფრთხოების სურათი, უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი საქართველოსთვის და ასევე საქართველოს მონაცემები უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა.  

„ამოცანა არის სრულიად ცალსახა და მარტივი – ყველგან, ყველაფერში, ყველა ღონისძიებაში, რომელიც დაიგეგმება ნატოს ფარგლებში შავ ზღვაზე, უნდა იყოს საქართველოც. ეს არის ჩვენი პირობა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა ერთად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით შეთანხმებები უკვე აისახება იმ დოკუმენტებში, რომლითაც ვარშავიდან დავბრუნდებით“. 

კითხვაზე შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც უშუალოდ საქართველოს კონტექსტში არ დასმულა, ნატოს გენერალურმა მდივანმა 4 ივლისს უპასუხა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც სიტუაციისადმი ადაპტაციაზე მსჯელობის გაგრძელება საჭირო იქნება ვარშავის სამიტის შემდეგაც.

„ეს ნამდვილად იქნება ჩვენს დღის წესრიგში ვარშავის სამიტის შემდეგაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.   
  
მართალია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს დეკემბერში, რომ საქართველოს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, მაგრამ მათ ასევე დაადასტურეს, რომ საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის ჯერ „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) ეტაპი უნდა გაიაროს, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან. ვარშავის სამიტზე MAP–ის მინიჭება მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ MAP–ის მიღება, როდესაც ამაზე ალიანსში კონსენსუსი მიიღწევა, ფაქტიურად, ნატოში წევრობაზე მიწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

Civil.Ge © 2001-2024