აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩიეს
Civil Georgia, Tbilisi / 15 Jul.'16 / 15:57


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე áƒ áƒ”გიონის საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლეს საბჭოში áƒ’ამოსვლის დროს, 2016 წლის 15 ივლისი. 

ზურაბ პატარაძე, ყაზახეთში საქართველოს ელჩი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭოს 15 ივლისს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა.

მას 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც ცხრა დღის წინ მისი წინამორბედი, არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მმართველ კოალიციასთან ერთად, მხარდამჭერებს შორის იყვნენ ასევე ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებიც. 

15 ივლისს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 9 დეპუტატმა როგორც ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან, ისე ქართული ოცნებიდან გამიჯნული დეპუტატ მედეა ვასაძის ფრაქციიდან. 

„ჩემი კარი ღია იქნება  ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის განურჩევლად პოზიციისა. მერწმუნეთ, მე მზად ვარ ოპოზიციასთან ურთიერთობისთვის, რადგან თქვენი გამოცდილება ჩემთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განუცხადა პატარაძემ დეპუტატებს დამტკიცების წინ და აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი „ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმი“ იქნება. 

პატარაძე, ახალ თანამდებობაზე წარდგენამდე, რასაც ასევე წინ უძღოდა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციები, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაბაძის ფორმირებული მთავრობის დათხოვნასთან ერთად, ჯერ რეგიონის რწმუნებულად დანიშნა.
 
აჭარის მთავრობას მეთაური არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე შეეცვალა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად იმართება. არჩევნების შედეგად რეგიონში ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.

მანამდე კი ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას 43 წლის, წარმოშობით ბათუმელი პატარაძე გაუძღვება,  რომელიც 2000 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მუშაობდა.

2004 წლიდან ის მოსკოვში საქართველოს საელჩოში მეორე მდივანი იყო, რომელიც საკონსულო სამსახურს კურირებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, პატარაძე კონსული გახდა 2009 წლამდე, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაში.

მოგვიანებით პატარაძე საქართველოს გენერალური კონსული იყო ბერძნულ ქალაქ სალონიკში, ხოლო 2012 წლიდან თურქეთში მსახურობდა ელჩად, სანამ 2013 წლის შუა პერიოდში ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნებოდა.

Civil.Ge © 2001-2024