ენმ-მა სანდრა რულოვსი საარჩევნო სიაში მეორე ნომრად შეიყვანა
Civil Georgia, Tbilisi / 26 Aug.'16 / 11:01

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (ენმ) დეპუტატობის კანდიდატთა პარტიული სია შეცვალა და მეორე ნომრად ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი შეიყვანა.

სიას, რომლის პირვანდელი ვარიანტი ნაციონალურმა მოძრაობამ ივლისში დაამტკიცა, კვლავ დეპუტატი დავით ბაქრაძე უდგას სათავეში, რომელსაც შემდეგ სანდრა რულოვსი მოსდევს.

სიის შეცვლის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ რულოვსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა ზუგდიდის 66–ე ერთმანდატიან ოლქში.

„სანდრა რულოვსის შემოსვლა ამ გუნდში არის სერიოზული გაძლიერება, რაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ პოზიტივს მოუტანს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“,  – განაცხადა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ.
 
„მე მზად ვარ ამ ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში“, – განაცხადა რულოვსმა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია და რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო, სანამ შარშან საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა, პარტიის სასარგებლოდ კამპანიას ვიდეო მიმართვების მეშვეობით აწარმოებს, რომელსაც ის საკუთარ Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს. სააკაშვილის ზოგიერთი ვიდეო მიმართვა ნაციონალურმა მოძრაობამ კამპანიის დროს ამომრჩევლებთან შეხვედრებზეც აჩვენა. ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში საარჩევნო აგიტაციას უკრძალავს.

Civil.Ge © 2001-2024