თბილისი მიესალმება ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერების გეგმებს აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში
Civil Georgia, Tbilisi / 27 Oct.'16 / 15:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმა 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში განხილულ საკითხებს, რომელიც ალიანსის სამხედრო ყოფნისა და აქტივობების გაძლიერებას უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, რაზეც ალიანსმა გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე მიიღო.

„მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში“, - განაცხადა ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის „განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და მისი áƒ’ანუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში".

„მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილობით განცხადებაში, რომელიც 27 ოქტომბერს გავრცელდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა áƒáƒ—ხშაბათს მინისტერიალის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასა და პოლონეთში მრავალეროვნული ოთხი ბატალიონის განთავსებასთან ერთად, წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ასევე განიხილეს ის პროგრესი, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებულ ყოფნას უკავშირდება რუმინეთის ხელმძღვანელობით ხმელეთზე მრავალეროვანი ბრიგადის განთავსების გზით.

მისი ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შავი ზღვის რეგიონში ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში წვლილი შეიტანონ თავიანთი ძალებით, არიან კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები.

„სხვა მოკავშირეებიც განიხილავენ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ“, - áƒ“ასძინა სტოლტენბერგმა.

მისი განცხადებით, ალიანსი „შეშფოთებულია“ ნატოს საზღვრებთან რუსეთის ბოლო დროინდელი სამხედრო გააქტიურებით, მათ შორის კალინინგრადში „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო სისტემის განთავსების და  სამხედრო წვრთნების „კავკაზ 2016“-ის გამო, რომელიც სექტემბერში გაიმართა.

კითხვაზე ორმხრივი გააქტიურება ხომ არ ქმნის ვითარების ესკალაციის საფრთხეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე უპასუხა: „ნატოს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი და ახალი შეჯიბრი შეიარაღებაში და მაშასადამე, რასაც ნატო აკეთებს ეს თავდაცვითი ხასიათისაა და პროპორციულია“.

„ამავე დროს, ნატომ უნდა იმოქმედოს, როცა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, ვხედავთ რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან სამხედრო გაძლიერებას და მათ მიერ სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავინახეთ მათი სურვილი გამოიყენონ სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ: ყირიმი, უკრაინა – და ასევე საქართველომაც იხილა მუქარის შემცველი რიტორიკა რუსეთის მხრიდან. ამდენად, ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, ნატოს ქმედებები არა "პროვოცირებისკენ", არამედ კონფლიქტის „პრევენციისკენ“ áƒáƒ áƒ˜áƒ¡ მიმართული იმ ფონზე, როცა ალიანსს სურს დიალოგი და მეტი თანამშრომლობა რუსეთთან.

 

Civil.Ge © 2001-2024