![]() |
|||
პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა მას შემდეგ, რაც ეს პარტია პარლამენტს მიღმა დარჩა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად და განაცხადა, რომ "აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას" განაგრძობს. „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი და რომელსაც პოლიტიკურ გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი ფუნდამენტური ღირებულებები, ეს იქნება ერთ-ერთი და არა ერთადერთი პარტია, ეს იქნება შეცვლადი და არა შეუცვლელი პარტია“- განაცხადა უსუფაშვილმა. რესპუბლიკური პარტია, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნების ფარგლებში მოვიდა, იძულებული გახდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად ეყარა კენჭი, რადგან კოალიციის წამყვანმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში ცალკე მონაწილეობა გადაწყვიტა. უსუფაშვილმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მას რესპუბლიკური პარტიის დატოვება და არჩევნებში ქართული ოცნების რიგებში მონაწილეობა შესთავაზა, რასაც ის არ დათანხმდა. არჩევნების შემდეგ, უსუფაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების თაობაზე საუბრისას განაცხადა: „ბიძინას მოტანილი, ისევ ბიძინამ წაიღო“. „პარტიის დატოვების თაობაზე მე მიკიჟინებდა ბევრი არჩევნებმადე, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი იმიტომ, რომ პარტიასთან ერთად მე განვლე 25 წელი და მე პარტიასთან ერთად უნდა გავსულიყავი ამ არჩევნებზე. ჩვენ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ; ამიტომ მე, ამ შემთხვევაში, როგორც პარტიასთან ერთად ჩაძირული არჩევნების შემდეგ, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უახლოეს ხანებში“, - განაცხადა უსუფაშვილმა და ასევე არ გამორიცხა პარტიის სხვა წევრების წამოსვლა რესპუბლიკელებიდან. „ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას თუ მიტოვებას“, - ხუმრობით უპასუხა მან ჟურნალისტებს მისი მეუღლის თინა ხიდაშელის რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმულ შეკითხვას. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ უსუფაშვილის წასვლას „დიდი დანაკლისი“ უწოდა პარტიისთვის, რომლის „გაძლიერებასაც“, მისი თქმით, დარჩენილი წევრები „ახალი ძალებით“ აპირებენ. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025