სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადადგა
Civil Georgia, Tbilisi / 7 Nov.'16 / 14:29

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან ამ თანამდებობაზე წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ გადადგა და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოლქში „კორუფციული და კრიმინალური კლანების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„ოდესის ოლქს აბარებენ არა მხოლოდ კორუფციონერებს, არამედ უკრაინის მტრებს. მე არ ვაპირებ ამაზე გავჩუმდე“, - განაცხადა მან 7 ნოემბერს.

„მე გადავწყვიტე გადავდგე და დავიწყო ბრძოლის ახალი ეტაპი“, - განაცხადა სააკაშვილმა და  დასძინა, რომ არავის უნდა ქონდეს იმედი, რომ „ჩემგან გაითავისუფლებენ თავს“.

მისი თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის გასათავისუფლებლად „კორუფციული სიბინძურისგან“.

„მე მჯერა, რომ უკრაინაში საკმარისად არის ახალი, ენერგიული, ახალგაზრდა, გაუსვრელი ძალები... ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და აუცილებლად დავასრულებთ ამ ბრძოლას უკრაინის გამარჯვებით“, - განაცხადა მან. 

პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად 2015 წლის 30 მაისს მას შემდეგ დანიშნა, რაც წინა დღეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ოდესიდან აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

გადადგომის შესახებ სააკაშვილის განცხადებამდე, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ასევე გააკეთა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

Civil.Ge © 2001-2024