![]() |
|||
მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩეული 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ქართული ოცნების 116-წევრიანი უმრავლესობა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის 26-წევრიანი უმცირესობა ჩამოყალიბდა. საპარლამენტო უმრავლესობას ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ჩაუდგა სათავეში. უმრავლესობის ფარგლებში ამ ეტაპზე ორი ფრაქცია ჩამოყალიბდა - 110 წევრიანი "ქართული ოცნება", რომელსაც დეპუტატი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს; და 6- წევრიანი "ქართული ოცნება-მრეწველები", რომელსაც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, მრეწველი სიმონ ნოზაძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც უმრავლესობას შეუერთდა. ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ლიდერი, წინა პარლამენტის მსგავსად, კვლავ დავით ბაქრაძეა, რომელიც 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. უმცირესობაში ამ ეტაპზე არა 27, არამედ 26 წევრია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე. უმცირესობის ფარგლებში ასევე ორი ფრაქცია დარეგისტრირდა - 20-წევრიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობს და 6-წევრიანი "ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისათვის", რომელშიც დეპუტატ ელენე ხოშტარიას თავმჯდომარეობით შემდეგი დეპუტატები შედიან: სერგი კაპანაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი. უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ერთდერთი ფრაქცია სახელწოდებით „საქართველოს პატრიოტები“ პატრიოტთა ალიანსმა შექმნა მისი 6 დეპუტატის შემადგენლობით, რომელსაც პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომია ჩაუდგა სათავეში.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025