პარლამენტმა განახლებული მთავრობა დაამტკიცა
Civil Georgia, Tbilisi / 26 Nov.'16 / 22:32

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით მინისტრთა კაბინეტის მცირედით განახლებულ შემადგენლობას და მის სამთავრობო პროგრამას 26 ნოემბერს 110 ხმით 19-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

მინისტრთა კაბინეტში, სადაც დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების გამო, სულ 18 პორტფელი დარჩა, პრემიერმა კვირიკაშვილმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების სიის ლიდერი იყო, ცვლილებები 5 სამინისტროს შეახო.

კერძოდ, ფინანსთა მინისტრად გადავიდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი შეინარჩუნა მთავრობაში; ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე და ასევე მეორე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, დაახლოებით 2.5-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კახა კალაძე, რომელიც ქართული ოცნების სიით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ჯერ კიდევ დეპუტატია.

მთავრობის სამი ახალი სახეა: ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, რომელიც ასევე გახდა დეპუტატი ქართული ოცნების სიით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსობიდან დაწინაურდა; და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. 

იმ 13 მინისტრიდან, რომელთაც თანამდებობები ახალ კაბინეტშიც შეინარჩუნეს, სამ მინისტრს - დავით სერგეენკოს, თეა წულუკიანს და სოზარ სუბარს - ქართული ოცნების წინა ოთხწლიანი მმართველობის დასაწყისიდანვე უკავიათ მინისტრთა პოსტები, ისევე როგორც გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ვიდრე გასული წლის ბოლოს ქართული ოცნების მთავრობის მესამე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ოთხი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

კვირიკაშვილის კაბინეტში, სადაც მხოლოდ ორი ქალი მინისტრია წარმოდგენილი,  თანამდებობებზე დარჩნენ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე;
  • თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
  • იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა;
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობის დამტკიცებამდე, რასაც წინ უძღოდა ასევე ორდღიანი საპარლამენტო განხილვები საკომიტეტო მოსმენების და ასევე ქართული ოცნების უმრავლესობასთან, ნაციონალური მოძრაობის უმცირესობასთან და პატრიოტთა ალიანსის ფრაქციასთან კანდიდატების შეხვედრების ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა შაბათის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მთავრობის 4-წლიანი პროგრამა წარუდგინა სახელწოდებით „თავისუფლება სწრაფი განვითარება კეთილდღეობა“ და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა - მასთან ერთად შეკითხვებზე პასუხს მინისტრობის კანდიდატებიც სცემდნენ, რაც მთავრობის დამტკიცებისთვის აქამდე არსებულისგან განსხვავებული და უჩვეულო ფორმატი იყო.

თავის შესავალ სიტყვაში კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საპარლმენტო უმრავლესობას, რომლითაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩა, განიხილავს არა „პრივილეგიად“, არამედ „ანგარიშვალდებულებად“ და „შესაძლებლობად“, რათა სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის „კონსოლიდაციისა“ და „ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“. 

მან თავის გამოსვლაში იმ 4-პუნქტიანი გეგმაზე ისაუბრა, რომელსაც სამთავრობო პროგრამა ეყრდნობა და ითვალისწინებს განათლების ხელშეწყობის, სივრცითი მოწყობის კონცეფციის განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო მმართველობის რეფორმისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მმართველობის კუთხით მან „ბიზნესსახლის“ პროექტი ახსენა, რომელიც უკვე არსებული იუსტიციის სახლების მსგავსად, ერთი ფანჯრის პრინციპით იმოქმედებს - ამ პროექტის შესრულების პირობა კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, პრემიერ-მინისტრად მისი პირველი დამტკიცების დროს დადო, თუმცა ის ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.  

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი რეფორმა, რაზეც საკანონმდებლო ცვლილებების ბოლომდე მიყვანის პროცესი წინა მოწვევის პარლამენტში შეჩერდა, ასევე პირობა დადო სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების გაგრძელების თაობაზე და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის 2018 წლიდან ასამოქმედებლად შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მომავალ წელს მიღებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო მიმართულებით, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის  „უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“ იქნება ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაცია და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში „უახლოეს მომავალში დასრულდება“ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების პროცედურები. აშშ-სა და რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების გეგმებთან ერთად, პრემიერმა კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რუსეთთან „დეესკალაციის“ პოლიტიკის გაგრძელების საჭიროებას, რათა „მინიმუმ, შევამციროთ რისკები“ და „შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის“. 

დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების პარალელურად, კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა აპირებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში „უფრო თამამი“ ნაბიჯების გადადგმას შერიგების მიმართულებით - დეტალებზე მას არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების გავლით, შევქმნათ წინაპირობები კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის“.

„ასეთი ამბიციური გეგმების განხორციელებას სჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „მე ჩემი, მხრიდან და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული გახდეს პოლიტიკური პროცესი, იყოს პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა, რათა ამ დიალოგის მეშვეობით მივაღწიოთ საზოგადოების უმრავლესობის შეთანხმებებს ისეთ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც აუცილებელია, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოხდეს თვისობრივი და ხარისხობრივი პოზიტიური ცვლილებები“.

საპარლამენტო დებატების ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეთანხმება კვირიკაშვილს იმაში, რომ „არჩევნების შემდეგ მოგებულსა და წაგებულს შორის სამოქალოქო თანხმობა უნდა იყოს“, მაგრამ „გააჩნია როგორ მოიგებ“.

„როცა ძალადობით და დაშინებით იგებ, მაშინ თანხმობა სუსტდება, ეს ერთი და მეორე, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს, ფული და მილიარდერი შენს უკან არის, როცა მთელ სასამართლო სისტემას თითქმის აკონტროლებ და მერე კიდევ გინდა ჩაახშო ერთადერთი არხი [რუსთავი 2], რომელიც გაკრიტიკებს და მილიადერის ხელში გადაიყვანო, áƒ”ს სამოქალაქო თანხმობას კი არ უწყობს ხელს, ეს დიდ სამოქალაქო უთანხმოებას უწყობს ხელს“, - განაცხადა მან, „შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი“.

„მთავრობას, რომელსაც რეალურად არ აქვს არც უფლებამოსილება და არც ხელისუფლება, ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რადგან თქვენ ხართ ერთი ადამიანის სამსახურში მყოფი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ლიდერმა ნიკა მელიამ, რომელმაც სხვა თანაგუნდელების მსგავსად, თავის გამოსვლაში არაერთხელ ახსენა ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალური მმართველობა“.

ნაციონალური მოძრაობის მსგავსად მთავრობის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებმა, რომლებმაც ხანგრძლივი განხილვების დასრულებამდე პროტესტის ნიშნად  დატოვეს სხდომათა დარბაზი.

დემარშის წინ, თავის გამოსვლაში პატრიოთა ალიანსის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს იმის გამო უსაყვედურა და ეკამათა, რომ ისიც შეუერთდა „იარლიყების მიკერებას“ მისი პარტიის წინააღმდეგ, თითქოს ის ევროსკეპტიკოსი ძალა იყოს. 

„ასე იდილია არ მყარდება“, - გააფრთხილა ინაშვილმა, რომელმაც უმრავლესობის დეპუტატებს „თვითკრიტიკულობისკენაც“ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, „პოლიტიკური ნარცისიზმის ნიშნები“ დაინახა და „კომკავშირის ყრილობაზე“ ეგონა თავი, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები „დითირამბებს უძღვნიდნენ ერთმანეთს“.

თანაგუნდელების ტაში განხილვების დროს ხშირად ისმოდა, როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების გამოსვლების, ისე განსაკუთრებით ქართული ოცნებიდან გამომსვლელების სიტყვის დასრულების შემდეგ, რომლებიც, ძირითადად, მთავრობის ქებას და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას მოიცავდა.

„ტონალობა დაწიეთ, მორალს ნუ გვიკითხავთ და ხშირ-ხშირად ბოდიშებიც უხადეთ მოსახლეობას“, - განუცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ ოპონენტებს, რომელმაც თავის გამოსვლაში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პრობლემებზე გააკეთა კვლავ აქცენტი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დებატების ბოლოს კოლეგებს „რადიკალიზმის“ კლებისკენ და ოპონირების კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდა.

Civil.Ge © 2001-2024