საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა
Civil Georgia, Tbilisi / 30 Nov.'16 / 11:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 ნოემბერს ბრიუსელს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა, სადაც ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრებს.

გიორგი კვირიკაშვილი, მისი ადმინისტრაციის თანახმად, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

ის 2 დეკემბერს ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და ვიცე-პრეზიდენტებს მანფრედ ვებერს და ჯანი პიტელას; ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს;  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის; ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს; მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროკომისარს კლიმატური და ენერგო რესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტეს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს, ასევე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს.

პრემიერის ვიზიტამდე ბრიუსელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეწვია, რომელმაც 29 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაში “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი”, სადაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მინიჭების áƒžáƒ áƒáƒªáƒ”სში გადაწყვეტილებების დაგვიანებაზე, რაც საქართველოში „ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებას“ უწყობს ხელს.

“ჩვენ სრულად აღვიქვავთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება. ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთგული და მტკიცე პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში. გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას”, - განაცხადა ჯანელიძემ

„ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 მანეთად დაფრინავდნენ მოსკოვში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშაოთ, რათა ევროპა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის“, - განაცხადა მან, „ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერ-ინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს“.

„მოდით იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს, მოდი შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდით განვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ. მოდით ნუ მივანიჭებთ სიამოვნებას იმ ძალებს, რომელთა სურვილია ის, რომ ევროპა დამარცხდეს”, - განაცხადა ჯანელიძემ.

თბილისი შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღებას ზაფხულიდან ელის, თუმცა გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საკითხის გადასაწყვეტად პროცედურები ამ დრომდე არ არის დასრულებული.

Civil.Ge © 2001-2024