კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 30 Nov.'16 / 18:03

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან 30 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ „ძალიან აქტიურად“ განიხილეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. 

„ჩვენ დეტალებში ჩავედით მინისტრების საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მე განვუცხადე პრემიერ-მინისტრს, რომ კვლავაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მიღწეული იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის“, - აღნიშნა მან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ ერთობლივ განცხადებებში.

თბილისი შენგენის ზონაში მოკლევადიან უვიზო რეჟიმს დიდი ხანია ელის, თუმცა გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საკითხის გადასაწყვეტად პროცედურები, რაც ასევე მოიცავს ევროპარლამენტში კენჭისყრას, ამ დრომდე არ არის დასრულებული. მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის უვიზო áƒ áƒ”ჟიმის შემოღებას 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი, 5 ოქტომბერს ასეთივე გადაწყვეტილება áƒ”ვროკავშირის საბჭოს სახელით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმაც მიიღო, თუმცა იმავე გადაწყვეტილებაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი მკაფიოდ დაუკავშირა  უვიზო მიმოსვლის ახალი, გამარტივებული  და უფრო სწრაფი შეჩერების მექანიზმის შემოღების პროცესს, რომლის თაობაზეც დისკუსიები ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის კვლავაც მიმდინარეობს. 

„ჩვენ ველით, რომ ბრიუსელში შიდა პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება და საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები შესრულდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მარტინ შულცთან ძალიან გახსნილი საუბარი ჰქონდა.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ შულცს „საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში მისი პირადი წვლილის“ გამო.

მარტინ შულცმა განაცხადა, რომ მან ევროპარლამენტის სახელით „უპირობო მხარდაჭერა“ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეხვედრაზე ასევე განიხილა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პრემიერ კვირიკაშვილს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ძალიან ფართო“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესით „ძალიან კმაყოფილი ვართ“.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით,  საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის "მართლმსაჯულების რეფორმის ეფექტიანად გატარების მნიშვნელობას".

 

Civil.Ge © 2001-2024