ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების საბჭოს მესამე შეხვედრა გამართეს
Civil Georgia, Tbilisi / 2 Dec.'16 / 18:31

ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭომ ბრიუსელში 2 დეკემბერს მესამე შეხვედრა გამართა, სადაც იმ „უზარმაზარ პროგრესზე“ იმსჯელეს, რომელიც თანამშრომლობის ყველა სფეროში არსებობს, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ის ევროკავშირის მხრიდან თავმჯდომარეობდა საბჭოს სხდომას ბრიუსელში, სადაც 2016 წლის ივლისიდან სრულად ამოქმედებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესი განიხილეს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
 
„ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო დღის წესრიგი, საერთო ინტერესი და საერთო ვალდებულება, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უხლოეს თვეებსა და წლებში“, - განაცხადა მოგერინიმ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ შევთანხმდით იმის საჭიროებაზე, რომ გარანტირებული იყოს ინკლუზიური  პოლიტიკური გარემო, ხელი შეეწყოს სისტემას, რომელიც დაფუძნებული იქნება მედიის თავისუფლებაზე, პლურალიზმზე, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს თავისუფლების პატივისცემაზე და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ ინკლუზიურ დღის წესრიგში, ისე შთამბეჭდავ ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგში, რომელიც დაიწყეთ და პარლამენტში დიდი უმრავლესობის პირობებში მთავრობა, რა თქმა უნდა, მის შესრულებას შეძლებს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის პროგრესი, რომელიც  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული, რაც „ნამდვილად წარმატების ისტორიაა“ ევროკავშირის მოსახლეობისა და ქართველი ხალხისათვის.

ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ "პოზიტიურად" არის განწყობილი საქართველოსთვის ვიზალიბარალიზაციის პროცესის დასრულების საკითხის მიმართ, რომლის ასამოქმედებლადაც, მისი თქმით, პროცედურული ნაბიჯია დარჩენილი ევროკავშირის შიგნით. 

„საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და ჩვენ და პირადად მე მოუთმენლად ველი საბჭოსა და ევროპარლამენტისგან, რომ დაასრულონ ეს პროცედურა ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად. ახლა ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა მან თავის შესავალ სიტყვაში.

მოგვიანებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რაიმე ახალი დაბრკოლება ხომ არ შეექმნება პროცესის დასრულებას, მოგერინიმ უპასუხა:  „არაფერი არ არსებობს, რასაც ნეგატიური კუთხით შეუძლია ამაზე გავლენის მოხდენა, მე დარწმუნებული ვარ ამაში“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება, თუმცა მე არ შემიძლია თარიღი დაგისახელოთ“, - განაცხადა მან.

ევროკავშირის და საქართველოს ერთობლივ პრესრელიზში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია, რომ ასოცირების საბჭო მიესალმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „კონკურენტულ, კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩატარებას“ და აღნიშნა, რომ „ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების, პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების გაგრძელების მიზნით“.

„მხარეებმა აღიარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი ხელი შეუწყონ დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობას“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ასოცირების საბჭო ასევე მიესალმა „საქართველოს პროგრესს მართლმსაჯულების სფეროში ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით“ და აღნიშნა, რომ „საქართველომ უნდა განაგრძოს მიღწეული პროგრესის კონსოლიდაცია“.

"ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მნიშვნელობას და მიესალმა ინიციატივას, რომ 2017-2020 წლებზე გათვლილი დახმარება ფოკუსირებული იყოს ეკონომიკურ ზრდაზე", - ნათქვამია პრესრელიზში.

ევროკავშირმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი „მტკიცე მხარდაჭერა“ და „ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით“.

ასოცირების საბჭომ „ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების გამო და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ზიანს აყენებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში“.

იმავდროულად, ასოცირების საბჭომ რუსეთს მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და „უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაშვება“.

„მხარეებმა შეშფოთება გამოხატეს აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებისა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის კუთხით არსებული ვითარების გამო“, - ნათქვამია პრესრელიზში. 

Civil.Ge © 2001-2024