პარლამენტმა გადასახადების ზრდაზე საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა
Civil Georgia, Tbilisi / 16 Dec.'16 / 18:05

პარლამენტმა 15-16 დეკემბერს დაჩქარებული წესით სამივე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე, მსუბუქ ავტომობილებზე, თამბაქოზე აქციზის გადასახადები, ასევე სათამაშო ბიზნესზე დაწესებული მოსაკრებლები გაიზრდება.

ეს ცვლილებები 2017 წლის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის თანმდევი ინიციატივები იყო. გადასახადების გაზრდით მთავრობა 500 მლნ ლარზე მეტის მობილიზებას ელის ბიუჯეტში, მათ შორის იმ დანაკლისის საკომპენსაციოდ, რაც მომავალი წლიდან მოგების გადასახადის ახალი მოდელის ამოქმედებით არის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში მოსალოდნელი.

მიღებული ცვლილებების თანახმად, 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე.

თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ პროექტში თითქმის ყველა ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე იზრდებოდა აქციზის გადასახადი, საპარლამენტო განხილვების შედეგად ავტოპარკის განახლების მოტივით მთავრობა დათანხმდა, რომ გადასახადის ზრდა მხოლოდ 6 წლისა და უფრო ხანდაზმული მანქანების იმპორტს შეეხება.

ძრავის მოცულობის თითოეული კუბური სანტიმეტრის მიხედვით განაკვეთი 6-8 წლის მანქანებზე 0.8 ლარამდე; 9 წლის - 0.9 ლარამდე; 10 წლის - 1.1 ლარამდე; 11 წლის - 1.3 ლარამდე; 12 წლის - 1.5 ლარამდე; 13 წლის - 1.8  ლარამდე; 14 წლის - 2.1 ლარამდე და 14 წელზე ზევით ყველა ასაკის მანქანებზე 2.4 ლარამდე გაიზრდება. 

მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე კი აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება, მიღებული ცვლილებების თანახმად.

ამასთან, კვლავაც ძველი ტარიფებით მოხდება იმ ავტომობილების განბაჟება, რომელთა ტრანსპორტირებაც უშუალოდ საზღვაო გადაზიდვის გზით არის დაწყებული კანონის გამოქვეყნების თარიღამდე, ნაცვლად áƒ—ავდაპირველად გათვალისწინებული 2016 წლის 1 დეკემბრისა.

მიღებული ცვლილებები ასევე გამოიწვევს თამბაქოს ნაწარმზე ფასების გაზრდასაც, áƒ áƒáƒ›áƒáƒª მთავრობის ვარაუდით, 10%-ით უნდა შეამციროს áƒáƒ¡áƒ”ვე მოხმარება.

აქციზის გადასახადი, მიღებული ცვლილებების თანახმად, ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით გაიზრდება და 1.7 ლარს მიაღწევს, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 30 თეთრით მოიმატებს 0.6 ლარამდე. ამ და თამბაქოს სხვა ნაწარმზე აქციზის დაგეგმილი ზრდით, დაახლოებით, 190-200  მლნ ლარის დამატებითი შემოსავლების მობილიზებაა ბიუჯეტში მოსალოდნელი.

საგადასახადო კოდექსში მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს ასევე ახალი გადასახადის დაწესებას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია. ასეთი პირები ვალდებული გახდებიან, რომ გადაიხადონ ქონების გადასახადი მათ საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. საბოლოო ვერსიის თანახმად, ეს გადასახადი იქნება არა ფიქსირებული, როგორც ეს თავდაპირველ პროექტში იყო ასახული, არამედ დადგინდება ავტომანქანის ღირებულებიდან გამომდინარე.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ტოტალიზატორებზე არსებული მოსაკრებელი, კერძოდ, საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთი 7%-მდე გაიზრდება, ნაცვლად თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული 10%-მდე ზრდისა.

ამასთან, ცალკე კანონში შესული ცვლილებით გათვალისწინებულია სათამაშო ბიზნესზე დაწესებული განაკვეთების გაზრდაც  - თუ სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი ამჟამად კვარტალში არის 15 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სათამაშო აპარატზე 1 500-დან 3 000 ლარის ჩათვლით, 2017 წლის 1 იანვრიდან, ეს განაკვეთები, შესაბამისად, 20 000-დან 40 000 ლარამდე და 2 000-დან 4 000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ე.წ. ონლაინ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი დღეის მდგომარეობით კვარტალში არის 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ის განისაზღვრება 250 000-დან 300 000 ლარის ჩათვლით.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო განხილვების დროს მკაცრად გააკრიტიკეს მთავრობის გადაწყვეტილება გადასახადის ზრდის თაობაზე. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ  ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „მოკლავს იმ საგადასახადო ბაზას“,  საიდანაც შემოსავლები შემოდის და ასევე გამოიწვევს პროდუქტებზე ფასების გაძვირებას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 16 დეკემბერს, როცა პარლამენტს 2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი წარუდგინა დასამტკიცებლად, განაცხადა, რომ გადასახადების დაგეგმილ ზრდას მომავალ წელს ინფლაციაზე შესაძლოა 1.5%-იანი პირდაპირი ზეგავლენა ჰქონდეს, რაც მისი აზრით, 4%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებს სავარაუდოდ არ გაცდება. ნოემბერში წლიური ინფლაციის დონე 0.2%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი 2017 წელს 4%-იან წლიურ ინფლაციას, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3%-ს პროგნოზირებს იმ დადგენილების თანახმად, რომელიც პარლამენტმა ასევე 16 დეკემბერს დაამტკიცა. 

Civil.Ge © 2001-2024