ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით სამი ფრაქცია შეიქმნა
Civil Georgia, Tbilisi / 26 Dec.'16 / 16:27

საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით სამი ახალი ფრაქცია შეიქმნა პარლამენტის ბიუროს 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც უმრავლესობაში არსებულ ფრაქციათა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

ახლადშექმნილ „ქართულ ოცნება – კონსერვატორებს“ დეპუტატი გიგა ბუკია უხელმძღვანელებს და მასთან ერთად, ამ საპარლამენტო ჯგუფში შევლენ დეპუტატები: კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ასევე პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე, რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე.

კონსერვატორების მსგავსად, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ისევე როგორც წინა პარლამენტშიც, თავისი ფრაქცია ეყოლება დიდი ხნის მაჟორიტარ დეპუტატს და სააფთიაქო ქსელი „პსპ“–ს თანადამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს. მის ფრაქციაში სახელწოდებით „ქართული ოცნება  - რეგიონების განვითარებისთვის“ შემდეგი მაჟორიტარი დეპუტატები გაერთიანდნენ:  გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე, გურამ მაჭარაშვილი და ენზელ მკოიანი.

მესამე ახალ ფრაქციას სახელწოდებით "ქართული ოცნება- სოციალ-დემოკრატები" áƒ“ეპუტატი გია ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს, რომელიც ქართული ოცნების სიით, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოქტომბერში უკვე მეორედ იქნა დეპუტატად არჩეული. მის ფრაქციაში გაერთიანდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი, ასევე მაჟორიტარები სულხან მახათაძე, სავალან მირზოევი და რომან მუჩიაშვილი.

ახალ 6-წევრიან ფრაქციებში გაერთიანებულმა 18-ვე დეპუტატმა დატოვა ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი, 110-წევრიანი ფრაქცია, რომელიც ახალი პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს შეიქმნა ფრაქცია "ქართულ ოცნება-მრეწველებთან" ერთად.

უმრავლესობის ხუთ ფრაქციასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაში ორი ფრაქცია ფუნქციონირებს. უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ერთდერთი ფრაქცია პატრიოტთა ალიანსმა შექმნა.

 

Civil.Ge © 2001-2024