კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 20 Jan.'17 / 12:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს 19 იანვარს დავოსში შეხვდა, სადაც ლიდერები მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებენ მონაწილეობას.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიული საკითხების ფართო სპექტრზე იმსჯელეს, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მაღალი დონის ორმხრივი ღონისძიებების ჩატარების გეგმა განიხილეს 2017 წლისათვის, როცა ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავს აღნიშნავს, იტყობინებიან საქართველოს პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციები.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უკრაინას განიხილავს, როგორც რეგიონალურ პარტნიორს და მიისწრაფვის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში“, - იტყობინება კვირიკაშვილის პრესსამსახური.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, მხარეებმა „განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პოლიტიკური დიალოგის გასააქტიურებლად ერთობლივი ნაბიჯების“ განხილვას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედების „წარმატებული პრაქტიკის გაგრძელების მნიშვნელობა“ აღნიშნეს.

ორივე მხარის ცნობით, კვირიკაშვილმა და პოროშენკომ ვიზალიბერალიზაციის პრიორიტეტული საკითხი განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ 2017 წელს მათ მოქალაქეებს ევროკავშირში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემათ.

„მხარეებმა პოზიციების კოორდინირება მოახდინეს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით“, - იტყობინება პოროშენკოს ადმინისტრაცია.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე გიორგი კვირიკაშვილი დავოსში თავის სერბ და ხორვატ კოლეგებს, ალექსანდრ ვუჩიჩს და ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების განსახილველად.  

Civil.Ge © 2001-2024