ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში
Civil Georgia, Tbilisi / 4 Mar.'17 / 13:27

ნატოს სამხედრო კომიტეტმა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება, 3 მარტს საქართველოში განხორციელებული ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების და რეგიონური უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული.

სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა, ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

2 მარტს, ჩეხ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე იმსჯელეს.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ერთგულებას და მის მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ“, - განაცხადა გენერალმა პაველმა 2 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მართალია ნატოს ოფიციალური პირები მიესალმებიან საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს და ცვლილებებს, გენერალმა პაველმა აღნიშნა, რომ „გრძელი გზა რჩება ქვეყნის წევრობისთვის მოსამზადებლად“. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „საქართველო ნატოს მომავალი წევრობისთვის მოამზადოს“.

გენერალმა პაველმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ „გააუქმოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა ბოლო თვეების მანძილზე „უპრეცედენტო“ გახდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის ძლიერი გზავნილის დემონსტრირებაა, რომელიც განაგრძობს საქართველოს ინტეგრაციისა და ნატოს წევრობისთვის განხორციელებული ძალისხმევის მხარდაჭერას.

ხუთშაბათს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ნატოს სამხედრო წარმომადგენლები ნატო-საქართელოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრნენ.

ნატოს სამხედრო კომიტეტის 3 მარტის სხდომაზე, რომელშიც ქართული მხარეც მონაწილეობდა, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების და გამოწვევების, ასევე შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაზრდილი წარმომადგებლობის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს 28 სამხედრო წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სტუმრობდა, სადაც მათ არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიეწოდათ.

ვიზიტის ფარგლებში გენერალი პეტრ პაველი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

Civil.Ge © 2001-2024